რუსეთში დაასახელეს ბომბდამშენის ჩამოვარდნის მიზეზი - თოლიები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავის, სუ-34-ის ჩამოვარდნა იმან გამოიწვია, რომ აფრენისას ძრავაში მოხვდა ორი თოლია. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ იუწყება“ ძალოვან სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ფრინველების ნარჩენები ექსპერტებმა აღმოაჩინეს ბომბდამშენის ნამსხვრევების გამოკვლევისას.
ანექსირებული ყირიმის მახლობლად, რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკის ერთ-ერთ დასახლებულ რაიონში სუ-34 ერთი კვირის წინ, 17 ოქტომბერს, ღამით ჩამოვარდა. დაიღუპა 15 ადამიანი. ბომბდამშენის ორმა პილოტმა კატაპულტირება შეძლო.
23 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ ირკუტსკში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-30. ორივე პილოტი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, განიხილება ორი ძირითადი ვერსია - ტექნიკის გაუმართაობა და მფრინავების შეცდომა. სუ-30 დაეცა კერძო საცხოვრებელ სახლს, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, კატასტროფის მომენტში არავინ იმყოფებოდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32097873.html
Source: radiotavisupleba.ge