მარნეულში აივნების ჩამონგრევას ორი ქალი ემსხვერპლა, ერთი მათგანი ფეხმძიმედ იყო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა და ბავშვები დაშავდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, 26 ივნისს, საღამოს ნარიმანოვის ქუჩაზე შენობის ბოლო, მეხუთე სართულის აივანი იმ დროს ჩამოინგრა, როცა იქ იმყოფებოდა ბინის მეპატრონე ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.  ნანგრევებში ქვედა სართულის აივანი მოყვა და იქ მყოფი ფეხმძიმე ქალი მძიმედ დაშავდა, რომელიც მოგვიანებით თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა. დაშავდა ეზოში მყოფი ორი ბავშვი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტს შს სამინისტრო იძიებს.  შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს,  რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (გაუფრთხილებლობა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია). https://www.radiotavisupleba.ge/a/31915939.html

Source: radiotavisupleba.ge