4 votes
1 comments
5 shares
Save
პატარა ამბები დიდ კაკა ჟვანიაზე
447 reads
Zugdidelebi. Ge
Batumi · 1 month ago

“მე კოლხი ვარ, ასი წელი ვარწიე, ქვეყნისათვის ბევრი ჯაფა გავწიე, ვხარობ, ვტკბები დღეს ზუგდიდის მშვენებით, რომ დასჭირდეს კედელს ჩავეშენები, ვერ დავდივარ, ვეღარ ვეალერსები, მის მიწაში მაინც მიდგას ფესვები, ძალას ვიკრებ, ერთხელ კიდევ ვეცდები, ვეამბორები მშობელ ქალაქს ლექსებით”, – ეს სიტყვები კაკა ჟვანიას უთქვამს ზუგდიდისთვის.

ზუგდიდის კოლორიტზე, მშვენიერი მელექსეზე, “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელზე, ფოლკლორის დიდ ამაგდარზე, უბადლო თამადაზე და ულამაზესი თვალთტანადობის, სიცოცხლეშივე ლამის ლეგენდადქცეულ კაკა ჟვანიაზე “ზუგდიდელები” მისი შვილიშვილის მურმან ჟვანიას მოგონებას გთავაზობთ.

მურმან ჟვანია:

-ბაბუა 1875 წელს დაიბადა ზუგდიდში, აზნაურ დიმიტრი ჟვანიას ოჯახში. როგორც მისგან გადმოცემით ვიცი, მამამისი, დიმიტრი ჟვანია იმ დროისათვის მეტად განათლებული და სახელოვანი პიროვნება ყოფილა, რომელსაც სწავლა-აღზრდა ეკატერინე და დავით დადიანების სასახლის კარზე ჰქონია მიღებული. მინდა ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენო, რომელსაც ბაბუა სიამაყით მიყვებოდა ხოლმე: ეკატერინე დავითს რომ შეურთავს და სამეგრელოში ჩამოუყვანიათ, “დიარაზე” მის პატივსაცემად “მარულა” გაუმართავთ-ზუგდიდიდან ცაიშამდე და ცაიშიდან ზუგდიდამდე. ეკატერინეს ერთი ცხენი და მისი 10-12 წლის მხედარი გამოურჩევია სხვებისგან, რომელზედაც ფსონს ჩამოსულა. მომხდარა ისე, რომ სწორედ იმ ცხენსა და მხედარს უმარჯვნია და პირველობა აუღია. ის მხედარი კი კაკას მამა, მაშინ პატარა ბიჭი, დიმიტრი ჟვანია ყოფილა. ეკატერინეს მოსწონებია ეს ბავშვი, აუყვანია სასახლეში და თურმე, თავისი ზედამხედველობით იზრდებოდა… ისე ჟვანიები, ჩვენი შტო, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყედან ვართ წარმოშობით. წოდებით-ტახტის აზნაურები. გუტი ჟვანია-დიმიტრის მამა და კაკი ბაბუა, რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ I რომ ჩამობრძანდა, გრიგოლ დადიანს ახლდა, თურმე. გოლიათური აღნაგობის გუტი იმპერატორს “დამხვდურებში” გამოურჩევია და მისი ვინაობა უკითხავს დადიანისთვის. გუტი ჟვანიას ცალი ჩექმა მარტვილის მუზეუმშია შენახული და ნორმალურ კაცს წელამდე წვდება, იმხელაა. ბაბუა ამაყობდა თავისი გვარითა და წინაპრებით. ხშირად ახსენებდა ანტონ ჟვანიძეს, რომელიც XVI საუკუნეში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტის ხარისხის პირველი მატარებელი იყო და ბედიის ტაძარშია დასაფლავებული.

-თვითონ კაკას რა განათლება ჰქონდა მიღებული?

– ბაბუა იყო რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო პეტერბურგში-სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც უჩა დადიანი უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში, ის მეფის ოფიცერი იყო. პირველი მსოფლიო ომში მან “შტაბსკაპიტნის” წოდებაც მიიღო და უამრავი ჩინ-მედლით დაჯილდოვდა. რუმინეთში ტყვედ ჩავარდა, ათას უბედურებაგამოვლილი, ნაწვალები დაბრუნდა შინ. მანამდე, 1903 წელს ზუგდიდში გახსნილ პირველ სამრევლო სკოლას ედგა სათავეში და აქედან წავიდა ის პირველ მსოფლიო ომში. კარგად არ ვიცი, პეტერბურგში თუ სოხუმში მას პედაგოგიკის კურსები ჰქონდა დამთავრებული. მისი ნამოწაფარები იყვნენ სახელგანთქმული ლოტბარი კიწი გეგეჭკორი (რომელიც ბაბუას ენათესავებოდა და ბაბუას დედა, მატა გაგუა ზრდიდა). სერაპიონ შენგელაია, იასონ კვარაცხელია, დავით ფონია, ჭვატია ყალიჩავა.

-არ გიყვებოდათ, ტყვეობას თავი როგორ დააღწია?

-ო, ეს დიდი ისტორიაა, რუმინეთში “ბომბიროვკაში” მოხვედრილა, კონტუზია დამართნია და ტყვედ ჩავარდნილა- -ოჯახმა კი მიიღო ხელმწიფის წერილი, შავი ქაღალდი-მისი დაღუპვის შესახებ. უჩა დადიანი სამეგრელოში ყოფილა მაშინ. დაუტირიათ კაკა. როგორც ჩვენთან იყო მიღებული გამოუფენიათ “ნიშანი”, შეუსუდრავთ უკუღმაშეკაზმული ცხენი და გადაუხდიათ ქელეხი. მიწის ბორცვზე მის სახელზე ჯვარი აღუმართავთ, ქელეხის და ორმოცის ხარჯები უჩა დადიანს გაუღია, როგორც კაკას უფროს მეგობარსა და ახლობელს. ამის შემდეგ გადის დრო, ახლოვდება გარდაცვალების წლისთავი და ხდება ისე, რომ ქუთაისში მიმავალი უჩა დადიანი თავისი მხლებელი “ძიძიშვილებით” ხობის დუქანში ჩერდება დასანაყრებლად და მუხლის ჩასახრელად. მათ მყუდროებას მოულოდნელად დილიჟანსის ხმაური არღვევს. უჩა მხლებლებს გზავნის ამბის გასაგებად. თუ ვინ “დიდი კაცი” მოადგა ხობს “დილიჟანსით”. მათ ამბავი მოაქვთ, მიცვალებული კაკა ჟვანიას “გაცოცხლების” თაობაზე. უჩა არ იჯერებს ამას და ძიძიშვილებს შეუტევს, ორმა ჭიქა ღვინომ ისე როგორ დაგათროთ, რომ მკვდარი გელანდებათო. მას ეჭვი არ ეპარება ხელმწიფის ქაღალდის სისწორეში. ამასობაში კაკა, ჩინ-მედლებით მკერდდახუნძლული, უახლოვდება დუქანს, ნახავს უჩას და მუხლს მოიყრის მის წინაშე. გახარებული, გაოცებული უჩა წამოაყენებს კაკას ზეზე, ძმურად გადაეხვევა და შემდეგ სიტყვებს ეტყვის: შინ რომ მიხვალ, დედაშენს ჩემს მაგივრად მკერდზე აკოცე. შენ შენი ვაჟკაცობითა და მამაცობით დაიმსახურე ეს ჩინ-მედლები. მე კი მხოლოდ ერთი მაქვს-გიორგის ჯვარი და ისიც იმიტომ მომცეს, რომ დადიანი ვარო… ასე რომ, მან ერთი წლის მერე ტყვეობას თავი დააღწია.

-დიდი იყო მისი სამეგობრო წრე…

-ამით სულდგმულობდა. უაღრესად განსწავლული, ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის მცოდნე, მეგობრობდა შალვა დადიანთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან. ლეო ქიაჩელთან, ალიო მირცხულავასთან, აკაკი ხორავასთან. მე არა, მაგრამ ზუგდიდში ჯერ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ხეივანში მოსეირნე დიდი კონსტანტინე და ბაბუაჩემი… მან ავადმყოფი ბაბუა სიკვდილამდე 10 დღით ადრე ინახულა.

-როდის დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” თარგმნა, თუ იცით, როგორ თარგმნიდა?

-რვა წელი თარგმნიდა ბაბუა “ვეფხისტყაოსანს”. ორმოცდათვრამეტში დაიწყო და 1966 წელს დაამთავრა. წინ ედო 1712 წელს გამოცემული ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი” და შალვა ნუცუბიძისეული რუსული თარგმანი. ერთმანეთს უდარებდა მათ, სწონიდა თითოეულ სიტყვას… არჩევდა, უკეთეს ვარიანტს ეძებდა. მან ეს ტიტანური ნამუშევარი რუსთაველის 800 წლისთავს მიუძღვნა, რომელიც ზუგდიდმაც აღნიშნა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ბაბუა მაშინ ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამ საღამოზე წარმოთქვა ბაბუას მისამართით, ბატონმა აკაკი შანიძემ ის ცნობილი სიტყვა, რომელიც შემდეგ არაერთგზის დაბეჭდილა პრესაში: “მარტო ის რად ღირს, რომ ზუგდიდის ჭადრების ხეივანში გაივლის კაკა ჟვანია და თავის დათაფლული მეგრულით აამეტყველებს გენიოს შოთასო”.

-ამბობენ, ნიჭიერების გარდა, ულამაზესი კაციც იყოო…

-ბიბლიური გარეგნობისა იყო. ენითართქმული სილამაზის. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. 58-ში სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში უმაღლესში ჩასარიცხად ჩასულს ბაბუა გამომყვა. სხვათაშორის, ვერცხლის მედალოსანი ვიყავი. ჩემმა დამ, ნუნუ ჟვანიამაც ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ჩვენ მამა ადრე გარდაგვეცვალა. მთელი 10 წელი გლოვობდა ბაბუა მას, მართალია, დედა ძალიან ზრუნავდა ჩვენს აღზრდა-განათლებაზე, მაგრამ მედალოსნობაში ბაბუას ლომის წილიც იდო. ბევრს გვთხოვდა და არაფრით გვაპატიებდა უცოდინრობას, წარმოიდგინეთ, “ვეფხისტყაოსანი” ქართულად, რუსულად და მეგრულად თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა… სათქმელს გადავუხვიე. ბაბუას ფეხით სეირნობა უყვარდა რუსთაველზე. მთელი რუსთაველი, მელიქიშვილით დაწყებული ფეხით ჩამომასეირნა. უკან ცნობისმოყვარეთა არმია მოსდევდა ეროვნულ ტანსაცმელში გამოწკეპილ ასხეპილი ტანის მოხუცს. “ზარია ვოსტოკას” და “კომუნისტის” რედაქციასთან კორესპონდენტები დაგვესივნენ, მე გვერდით მიმაყენეს და აჩხაკუნეს და აჩხაკუნეს აპარატები. ზემელზე, წლობით ჰქონდათ მისი ფოტოები სტენდზე.

– ბევრს ყვებიან მისი და გვანჯი ჩიქვანის მეგობრობაზე, ენაკვიმატობაზე, შაირობაზე…

– განუყრელები იყვნენ. ბაბუ გვანჯის ჩვენებურად, მეგრულად “ქოვარის” (ქო-ვარიში გამგები-კი და არას გამგები) ეძახდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ენაკვიმატობით, სიყვარულით, რა თქმა უნდა, ერთმანეთს “ამწარებდნენ”. ერთხელ ჩვეულებრივად მისეირნობდნენ გვანჯი და კაკა. გვანჯი ნაცნობს გაესაუბრა. კაკა კი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა მათ. საუბრის დამთავრების შემდეგ გვანჯიმ მოხედა ბაბუას და დაუძახა,-კაკა წამოდი, რაღა ხბოსავით სულ უკან მრჩებიო… ძროხებს ხბოები უკან მისდევენო, უპასუხა სხარტად ბაბუამ. ერთხელ კიდევ ბაბუამ მანქანისთვის საბურავები სთხოვა რაიკომის პირველ მდივანს. მდივანმა ის საწყობის უფროსთან, ვინმე ტოტოშასთან გაგზავნა. ტოტოშამ ერთიოჯერ დაიბარა ბაბუა, მაგრამ არ დახვდა, ტყუილი გამოუვიდა. მომდევნო შეხვედრაზე რაიკომის მდივანმა ჰკითხა კაკას, მოგცეს თუ არა საბურავებიო. კაკამ, თურმე, ექსპრომტად უპასუხა:

“მუჟამ ვორდინ, კოჩ ვორდია, დღას ვენომხუნ კოტოშა,

მარა შურო კოჩ ვაყოფე, თქვან ნაცქვეფ ტოტოშა”.

20-იანი წლებია, ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში კაკა თამადაა. მოპასუხე კი, პატარძლის მაყრიდან ვინმე საბაიაა, სოფელ ბარღებიდან საბაია შაირს ეუბნება ბაბუს:

“დუდუმაყარე გოხოლუქ,

საბაია ბარღებელი,

ხვალე მოფრთინ ვაიჩქუდან,

ართო ვორეთ არყებული”

კაკა პასუხობს:

“ვითი ხოჯი დოპილით,

ხოლო ვარე ბაღებული,

არძა ართო მუს მიშით,

დუდი რყოფუნა არდებული”.

-რამდენიმე სიტყვა შთამომავლობაზე…

-კაკას 5 ვაჟი ჰყავდა: შალვა, დავითი, ირაკლი, ლეონიდი, ვაჟა და ხუთივეს უმაღლესი განათლება მიაღებინა. 14 შვილიშვილი, 27 შვილთაშვილი, 11 შვილთაშვილის შვილი დარჩა ბაბუს. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი ცხოვრების წესით, ბაბუას სახელი, დიდი კაკა ჟვანიას სახელი არ შევარცხვინოთ.

წყარო: ჟურნალი “ზუგდიდელები”


Zugdidelebi. Ge
Batumi · 1 month ago
4
Write a comment
5