Აშშ-მ 8 ბელორუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
Tbilisi Daily
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ბელარუსის ხელისუფლების რვა მაღალჩინოსანს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილესა და შინაგანი ჯარების სარდალს, სანქციები დაუწესა.
დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ე.წ. შავ სიაში ალექსანდრ ლუკაშენკო არ იქნება.
19 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, ვინც არჩევნების გაყალბებასა და მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელია.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.