ვინ და როგორ ცდილობდა 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციას? - "მითების დეტექტორის" მონიტორინგი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

არასამთავრობო ორგანიზაცია "მითების დეტექტორმა" გამოიკვლია, ვინ და როგორ ცდილობდა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი 20 ივნისის აქციის დიკრედიტაციას. გავრცელებულ მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დისკრედიტაციის კამპანია 20 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და მასში, როგორც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები, ფეისბუკ-ჯგუფები და მედია, ასევე ანტილიბერალური, კრემლისტური გვერდები და ინდივიდუალური ანგარიშები ჩაერთნენ. "მითების დეტექტორის" ცნობითვე, ეს გვერდები და ანგარიშები აქციის ორგანიზატორების, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” დისკრედიტაციას, მათი “ნაციონალურ მოძრაობასა” და ლგბტქ+ თემთან კავშირზე აპელირებით ცდილობდნენ. ასევე, ამტკიცებდნენ, რომ აქციის უკან “პრორუსული ძალები” იდგნენ. გარდა ამისა, ორგანიზაცია წერს იმაზეც, რომ სახელისუფლებო მედიები და ფეისბუკ-გვერდები აქციის დაწყებამდე გადაღებულ კადრებს მცირერიცხოვნობის საილუსტრაციოდ აჩვენებდნენ. "რიგ შემთხვევებში, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორების მიერ გავრცელებული გზავნილები და ფოტო-ვიდეო მასალა ერთი და იმავე შინაარსის იყო". “მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა: "20 ივნისის აქცია “პრორუსი”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ორგანიზატორები ჰყავს; “სირცხვილიას” დაორგანიზებულ აქციაზე სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებია განთავსებული; ხალხი “რუსული სპეცსამსახურების” და “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებული აქციის წინააღმდეგია; “სირცხვილიას” რურუა და ოქრიაშვილი აფინანსებენ; 20 ივნისის აქციას ლგბტქ+ თემის წევრები უერთდებიან და მის პრაიდში გადაზრდას გეგმავენ". “მითების დეტექტორმა” დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 19 ფეისბუკ-გვერდი გამოავლინა, რომელთაგან 11 ანტილიბერალური, 8 კი ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელია. ორგანიზაციის დათვლით, 3 პროსახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდსა (პოლიტიკური სატირა/Political Satire, პოლიტიკური აბსურდი, არქივი) და მედიას (POSTV – ანალიტიკა) პოსტები დასპონსორებული ჰქონდათ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31913307.html

Source: radiotavisupleba.ge