"არც ერთ ხალხს არ ახსოვს ისეთი დიადი ბელადები, როგორიც ლენინი და სტალინია..."
Gori Daily
"საბჭოთა კავშირი კაცობრიობის უბრწყინვალესი იდეალების განხორციელებული ტრიუმფია. არც ერთ ხალხს დედამიწაზე ჯერ არ ახსოვს ისეთი ბედნიერება, როგორიც მოპოვებული აქვს საბჭოთა ხალხს. არც ერთ ხალხს არ ახსოვს ისეთი დიადი ბელადები, როგორიც ლენინი და სტალინია. ეს ნამდვილი ხალხური ბელადები, ხალხის მიერ დიდების შარავანდედით შემოსილი, საბჭოთა პატრიოტიზმის უდიდესი შთაგონების წყაროა".
ეს სიტყვები, შესაძლოა, ეპიგრაფადაც გამოგვეყენებინა, რადგან მასში ძალიან კარგად ჩანს მახინჯი საბჭოთა კომუნიზმისა და ტოტალიტარიზმის თავბრუდამხვევი ისტერიული სიყალბე თუ თვალთმაქცობა, გაამართლო და გააიდეალო ის, რაც სინამდვილეში იყო დრო გაიაფებული სიცოცხლისა, ბნელი და საშიში, ეპოქა - უღმერთობისა.
როცა ღმერთი არ არის (დოსტოევსკი), ყველაფერი დაშვებულია, ამიტომ კაცობრიობის ამ "უბრწყინვალესი იდეალების განხორციელებულ ტრიუმფში", საბჭოთა კავშირში, ფეხქვეშ გაითელა ყველაზე დიდი ღირებულება - ადამიანი, დაითრგუნა აზრი, ფიქრი, აიკრძალა ოცნება და სიყვარული, რწმენა და თავისუფლება...
ტოტალიტარიზმის მსხვერპლი გახდა მილიონობით უდანაშულო ადამიანი, სრული ჯოჯოხეთი დამყარდა საბჭოეთში.
ვიქტორ ნოზაძის შეფასებით, ეკლესიის მსგავსად, მარქსიზმ-ლენინიზმიც უკომპრომისოდ იბრძოდა საკუთარი დოგმების დასადგენად, გადახრების წინააღმდეგ, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
წერილში, რომელსაც "კომუნისტური ესხატოლოგია" ჰქვია, შემზარავი სტატისტიკაა მოყვანილი. ნოზაძის ინფორმაციით, რუსეთის ახალმა რევოლუციამ იმსხვერპლა 75 მილიონი ადამიანი. აქედან 5.600.000 იყო მრეწველი, მემამულე, ვაჭარი, 17 მილიონი გლეხი, 1933-37 წლებში პარტიულ "განწმენდას" შეეწირა 798.072 კომუნისტი.
საბჭოეთში ებრძოდნენ ქრისტიანულ რელიგიას, ზოგადად რწმენას: "მართლმადიდებლობა ეწინააღმდეგება პროლეტარიატის სწორად გაგებულ ინტერესებს" - ამბობდა სტალინი.
ასეთმა პროპაგანდამ სასულიერო წოდების ლიკვიდაციის აუცილებლობა განსაზღვრა: "პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა გამტარებლების მიმართ, რომელიც სწამლავს მშრომელი მასების შეგნებას. დავთრგუნეთ თუ არა რეაქციული სამღვდელოება?- დიახ, დავთრგუნეთ, ოღონდ უბედურება იმაშია, რომ იგი ჯერ კიდევ სავსებით არ არის ლიკვიდირებული".
რელიგია ხალხის მტერია, სამაგიეროდ ბედნიერება კომუნიზმშია, არ უნდა გწამდეს ღვთისა, მაგრამ უნდა გჯეროდეს მარქსიზმ-ლენინიზმისა, რომელიც გვასწავლის, რომ რელიგია ისტორიულად წარმავალი მოვლენაა, რომ მისი არსებობა მარადიული არ არის.
მარქსი ამბობს: "რელიგია ეს არის ჩაგრული ქმნილების ამოოხვრა, უსულგულო სამყაროს სული, უსულგულო უდროობის სული. იგი ხალხის ოპიუმია". ხალხი მასაა, რომელიც უნდა დააჯერო, რომ არ არის ღმერთი, გარდა ბელადისა. "მარქსი არის გაპიროვნებული ღმერთი..
კარლ მარქსს ჰყავს თავისი მოციქული ლენინი" (ვ. ნოზაძე: "კომუნისტური ესხატოლოგია"). ამგვარივე მოციქულებად თუ ღვთაებითა თანასწორად შეირაცხნენ სიცოცხლეშივე მითოლოგიური შარავანდედით მოსილი სხვა ლიდერები.
საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ლენინიადა, სტალინიადა და... (ა. ბაქრაძე); გერმანიასა და იტალიაში ხოტბა-დიდებით იხსენიებდნენ ჰიტლერს, მუსოლინის... ყველაზე მთავარი და სათაყვანო "დადებითი გმირები" საბჭოთა კულტურის სივრცეში იყვნენ, რასაკვირველია, ლენინი და სტალინი.
მრავალი მიზეზის გამო, საქართველოში განსაკუთრებით მძვინვარდებდა სტალინიადა. პოეტი ი. აბაშიძე იგონებდა: 1933 წლიდან მწერალთა კავშირში პარტიის წარმომადგენლებს განუცხადებიათ, რომ უკვე დადგა დრო და აუცილებლობა ბელადზე წერისაო, "ამ სიტყვებმა მწერლებზე ისე იმოქმედა, როგორც ამნისტიამ... სწორედ ამის შემდეგ გაიხსნა ნამდვილი ლიტერატურული მარათონი ვინ ვის".
ქართულ პოლიტიკურ ლირიკაში ქრისტიანულ მწერლობაში მიღებული სახე-სიმბოლოებით იქმნება და ყალიბდება ბელადის, როგორც მესიის სახე და ჩვენ მიერ მოხმობილ მაგალითებს საგანგებო კომენტარი არ დასჭირდება ამის ნათელსაყოფად: ბელადი მზე: მზე არის სტალინი, რადგან ის ბელადია, ამიტომ ქრისტიანული სიმბოლიკის გამოყენება თანაბრად ნაწილდება ბელადზე, სულ ერთია, ლენინი იქნება ის თუ სტალინი, ერთი მეორეს ჩაენაცვლება, როგორც პოეტი იტყოდა: "ქვეყანამ იცის, მტერმაც კი იცის, რომ დღეს ლენინი სტალინი არის" სტალინი მნათობია: "გზას შენ გვინათებ, ბელად, მთვარე ხარ ჩვენი მნათობი, შენ მხე ხარ სხივთა მფინარი, მშრომელი ხალხის გამთბობი".
მეორე ლექსის ავტორი უფრო შორს მიდის: "სტალინ, მსოფლიოს მნათობო, მზეთა-მზევ, ცაზედ მაღალო" სტალინის ღიმილი, გამოხედვა ასეთ ასტროლოგიურ ხატებს იწვევს: "მზის მოსვლას გიგავს ღიმილი, გამოხედვა გაქვს მთვარისა, გვინათებს ღამის წყვდიადსაც შუქი წამწამთა ჯარისა" დასასრულ, ბელადების მზისმეტყველება ხალხურ პოეზიაში ასე დაგვირგვინდა: "ცაზე მთვარე ამოსულა, ვარსკვლავები ბევრიაო, ჩვენს ქვეყანას ანათებენ სტალინი და ბერიაო".
ხალხური პოეზიიდან ბელადი - მზე, მზეთა-მზე, ვასკვლავი, მნათობი... შეიჭრა ქართულ საბჭოთა პოეზიაშიც: "დიდება მარად შენს სახელს, შენს სახელს მარად დიდება, მზე შენგან დანათებული, არასდროს დაგვებინდება" აკაკი წერეთლის ნატვრა ერთმა პოეტმა ასე დაუკავშირა სტალინს: "აღდგა, აყვავდა საქართველო გადანათელი, მივიდა გმირი, რომ ეძახდა შენი ნაღარა - მისი სახელი სტალინია, მზეებრ ნათელი".
კომუნიზმი, კრემლი და სტალინი ასეა გამთლიანებული ამ ლექსში: "ჩვენი მზე კომუნიზმია, მზეში კრემლი დგას სალივით - და მიგვიძღვება მზისაკენ თავად მზე - დიდი სტალინი!" ერთი პოეტი დიდ ბელადს, გამირთაგმირს, სულით ძლიერს, ასე მიმართავს: "ჩაუქრობელო ბრწყინვალებავ მფრქვევო სინათლის" ან:"ჩვენი მზეც, ჩვენი ვარსკვლავიც სტალინ, შენა ხარ.
ეს მაგალითები ზღვაში წვეთია იმის საჩვენებლად, თუ როგორ დაუკავშირდა ბელადი მზეს, ვარსკვლავს, მთვარეს, სინათლეს, მნათობს... როგორ ეძებდა და წვალობდა პოეზია, რაც შეიძლება მეტი, ამაღლებული, დიადი ეთქვა და დაეფიქსირებინა; მზეზე, შექმნილზე აღმატებულად და უკვდავად წარმოეჩინა ბელადი.
ასეთი იყო დამთრგუნველი ტოტალიტარული ეპოქის ირონიაშერეული სულისკვეთება.
ბელადი მამა: სტალინი მამაა: "სტალინო, დიდო ბელადო, მშრომელი ხალხის მამაო" ან "სტალინო, დიდო ბელადო, შენ გიწოდებენ მამასა" "სცოცხლობდეს დიდხანს სტალინი, ხალხთა მამა და ბელადი". "მზედ და შვებად აქ ბელადი დაიბადა, ხალხთა მამა".
სამშობლოს მამა და დიდი ბელადი ხშირად ლირიკულ ლექსებში წარმოდგენილია, როგორც ახალი ისტორიის მეთაური, ხალხთა სარდალი, რომლის ბადალი არასოდეს არ ჰყოლია კაცობრიობას: "შენებრ მამა და სარდალი ხალხს დღემდე არა ჰყოლია" ბელადი - მხსნელი, კაცობრიობის გადამრჩენელი: "სტალინ - მსოფლიოს გადამრჩენელო, სტალინ - პოეტის ყველა ლექსშია". დიდება ღმერთს, კაცობრიობის იმედსა და ნუგეშს, მოწყალესა და ყოვლისშემძლეს - ეს ცნობილი ქრისტიანული დამოკიდებულებაა უზენაესის მიმართ, პოლიტიკურ ლირიკაში კი ვკითხულობთ: "დიდება მარად შენს სახელს, შენს სახელს მარად დიდება". ან "სტალინურ ხანას ვუმღერით, სიმღერა არ მოგვწყინდება, დიდება თავისუფრებას! საყვარელ სტალინს დიდება!"
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სტალინი
#პიროვნება
#ახალიამბები
#გორი
#ისტორია
#goridaily
წყარო:ghn.ge