"ქართულმა ოცნებამ" დღეს უნდა გადაწყვიტოს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დანიშნულ სხდომაზე გადაწყვეტს ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რომელსაც კენჭი უნდა ეყაროს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის სხდომა 12 საათზეა დანიშნული, მანამდე კი „ქართული ოცნების“ უმრავლესობა შეიკრიბება. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფებამოსილებს შეწყვეტის საკითხი მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა 1 თებერვალს, საღამოს გამართულ სხდომაზე, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თანახმად, საბჭო თავის მოსაზრებას უმრავლესობას წარუდგენს და საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. პარლამენტს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ: თეონა აქუბარდია; არმაზ ახვლედიანი; დავით ბაქრაძე; ლევან ბეჟაშვილი; თინათინ ბოკუჩავა; გიორგი ბოტკოველი; გიორგი გოდაბრელიძე; რომან გოცირიძე; ხატია დეკანოიძე; ლევან ვარშალომიძე; გიორგი ვაშაძე; გრიგოლ ვაშაძე; აბდულა ისმაილოვი; მანუჩარ კვირკველია; ვახტანგ კიკაბიძე; დავით კირკიტაძე; თამარ კორძაია; ნონა მამულაშვილი; პაატა მანჯგალაძე; ნიკა მაჭუტაძე; ნიკა მელია; აკაკი მინაშვილი; შალვა ნათელაშვილი; ტარიელ ნაკაიძე; კობა ნაყოფია; ანა ნაცვლიშვილი; რამაზ ნიკოლაიშვილი; კახაბერ ოქრიაშვილი; სალომე სამადაშვილი; ხათუნა სამნიძე; გუბაზ სანიკიძე; სულხან სიბაშვილი; ზაალ უდუმაშვილი; დავით უსუფაშვილი; ბაჩუკი ქარდავა; შალვა შავგულიძე; თამარ ჩარკვიანი; ცეზარ ჩოჩელი; ნატო ჩხეიძე; როსტომ ჩხეიძე; ანა წითლიძე; დევი ჭანკოტაძე; ლევან ხაბეიშვილი; დილარ ხაბულიანი; მამუკა ხაზარაძე; დავით ხაჯიშვილი; ეკატერინე ხერხეულიძე; ელენე ხოშტარია; თემურ ჯანაშია; ბადრი ჯაფარიძე; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.   2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს. იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“. უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად დაესწრებიან პარლამენტის სხდომას. "მოქალაქეების" ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების შემდეგ. უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ "ქართულ ოცნებას" თხოვა, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს. იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ, პროცესის გაჭიანურებას ფარსად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31081443.html #ახალი_ამბები #twitter