მიგრანტების არაკანონიერად შეყვანისთვის, იტალიის პოლიციამ 19 პირი დააკავა

Tbilisi Daily

იტალიის პოლიციამ დააკავა 19 პირი, რომელთაც კონტრაბანდული დაჯგუფების წევრობაში ედებათ ბრალი, - ამის შესახებ BBC წერს. გამოძიების ინფორმაციით, მათ ავღანეთიდან, ერაყიდან და პაკისტანიდან მიგრანტები იტალიასა და ჩრდილოეთ ევროპაში გადაჰყავდათ. დაკავებულთა შორის არიან ერაყელი ქურთები, ავღანელები და იტალიელები. გამოძიება 2018 წელს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც სიცილიის ქალაქ სირაკუზას სანაპიროს, თურქეთიდან და საბერძნეთიდან შესული არაერთი გემი მიადგა. როგორც გაირკვა, პირები, რომელთაც მიგრანტები იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჩაჰყავდათ, მათი ტრანსპორტირებისთვის ნაქირავებ ან მოპარულ გემებს იყენებდნენ. გამოძიება სწორედ ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ დაიწყო. ორგანიზებული ჯგუფი მიგრანტებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა მომსახურებას უწევდა. მაგალითად, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარში, მიგრანტებს საცხოვრებელს სთავაზობდნენ და ყალბი დოკუმენტებით უზრუნველყოფდნენ. ტურინსა და მილანში კი, მიგრანტებს ხვდებოდნენ და საზღვართან მდებარე ქალაქში, ვენტიმილიამდე მიჰყავდათ, საიდანაც მიგრანტები, სურვილის შემთხვევაში, ევროპის სხვა ქვეყნებში გადადიოდნენ. პოლიციამ დაკავებულებისგან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ნაღდი ფულის სახით, 25 000 ევრო ამოიღო.