ყველას გვინდა საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, ერთი ჭიქის დალევა მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141482 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აღდგომას საფლავებზე გასვლისგან თავი შეიკავონ ან ოჯახიდან ერთი წევრი წავიდეს. გამყრელიძის თქმით, მსგავსი ზომები აუცილებელია, რათა მომავალი ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები მკვეთრად არ გაიზარდოს. „ჯერ ჩვენ პიკში არ ვართ. პიკი წინ გველის. პიკი შეიძლება, კეთილსაიმედო იყოს იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცია, არ გამართოთ დიდი თავყრილობები. ვიყოთ ნაკლებად აქტიური წირვა-ლოცვებზე ამ ხნის განმავლობაში. ყველას გვინდა ბრწყინვალე შვიდეულის დროს ჩვენს მიცვალებულებთან საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან. იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც იმ პერიოდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. ამიტომ, ამ ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში და თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი და არ იქნება ათასები. თუ ათასები იქნა, ეს ყველაფერი რთულად გადასატანი იქნება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.