ყველას ამოვთხრით ვინც ჩვენ გვებრძვის - Newsfront-ის რედაქტორი Facebook-სგან განმარტებას ითხოვს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142642 Newsfront-ის ქართული ბიუროს საინფორმაციო რედაქტორის გულბაათ რცხილაძის განცხადებით, Facebook-ის მიერ მათი გვერდების დაბლოკვა მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც ინფორმაციის გავრცელების ხელის შეშლას ისახავს მიზნად. როგორც რცხილაძემ "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, ის თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუმცა არაავთენტური ინფორმაციის გავრცელებას სხვა გვერდებისა და საიტების მეშვეობით მაინც აპირებს. ამასთან, იგი Facebook-ისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება, სადაც იქნება მითითებული თუ რის საფუძველზე მოხდა მათი გვერდების დაბლოკვა. რცხილაძე ამტკიცებს, რომ დაბლოკილ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია ფაქტებზე იყო დაფუძნებული. "ეს პირდაპირი დივერსიაა საინფორმაციო ველზე, რომ არ იყოს ალტერნატიული იფნორმაცია. არ მჭირდება Newsfront-ი, ისე გავავრცელებ ინფორმაციას. რა მნიშვნელობა აქვს ეს Newsfront იქნება თუ არა. მე ვარ ჩემი სახელით და გვარით და ყოველთვის ვაწერ ხელს, როცა ჩემი აზრი არის სადმე. ეს უკავშირდება ჩვენს კრიტიკულ სტატიას, რომელიც შეეხება რემდესივირის პრეპარატს, რომელიც არის ძალიან საეჭვო და საკამათო financial times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. რა თქმა უნდა ეს არის მიზანმიმართული. ყველაფერი გამოჩნდება. ყველას ამოვთხრით ვინც ჩვენ გვებრძვის, ჩვენ კი არა საქართველოს ებრძვის. ვერ შეაჩერებს ამას ვერც Facebook-ი და ვერც ეს შეთითხნილი ორგანიზაციები რომ გაქვთ. ვერ შეაჩერებთ ამ სიმართლეს, რადგან სხვა გვერდი შეიქმნება, სხვა ჯგუფებში დაიდება, სხვა საიტიდან ეს ინფორმაციები. ვერც გაიგებთ თქვენ ისე წავა ის ინფორმაცია, რომელიც მე მინდა რომ იყოს", - განაცხადა რცხილაძემ. შეგახსენებთ, რომ Facebook-ი​ რუსული პროპაგანდისტული გვერდების დაბლოკვას აგრძელებს, რომლებიც როგორც საქართველოში ასევე მრავლად ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა კრემლისტური მედია "ნიუსფრონტთან" დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა ყველა ქვეყანაში, სადაც Newsfront-ი ოპერირებდა, მათ შორის საქართველოშიც. დღეს ამ მედიის ქართული გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომი არის საიტი, სადაც პრორუსულ ინფორმაციას ავრცელებენ.