როგორ წაართვეს ბათუმს ტროტუარები?
Batumi Daily
გუგლის საძიებო სისტემა მარტივად დაგარწმუნებთ, რომ ისეთი ჩაბეტონებული და შავი შუშით შემოსაზღვრული კაფეები ტროტუარებზე, როგორიც ბათუმშია, თითქმის არსად, არცერთ ევროპულ ქალაქში შეგხვდებათ. რა თქმა უნდა, ვერც იმას ნახავთ, რომ ქალაქის მერიას უსინათლოთა ბილიკი მოეწყოს ბიუჯეტის ფულით და შემდეგ ამ ბილიკზე კაფეს ინვენტარის განთავსების უფლება მიეცეს ვინმესთვის. ის, რომ ტროტუარის დიდი ნაწილი, უსინათლოთა ბილიკის ჩათვლით, სამშენებლო კომპანიის ოფისს აქვს გადაფარული, საერთოდ უნიკალური მაგალითია, ბათუმისთვის დამახასიათებელი.
მართალია, ბათუმში უფრო ხშირად და მწვავედ განიხილავენ კაფეების მიერ ტროტუარების, როგორც საზოგადოებრივი სივრცის მაქსიმალურად ათვისების პრობლემას, მაგრამ ახლა ცალკე სამსჯელოა ტროტუარებზე კაფეების ინფრასტრუქტურა.
მხოლოდ ფოტოების დათვალიერება დაგარწმუნებთ, რომ ევროპულ ქალაქებს ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად ერთიანი ხედვა და სტანდარტი აქვთ დაწესებული. აქ განსხვავება შესაძლებელია შეგხვდეთ მხოლოდ ფერებში, მაგიდების ფორმებში ან გამწვანების მეტ-ნაკლებობაში, მათი უმეტესობა მსუბუქი ქსოვილით, ე.წ. ტენტითაა გადახურული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იკეცება ან იშლება.
მაგიდები კი ყოველგვარი შემოღობვის გარეშე ისეა განლაგებული, რომ ქვეითისთვის გადასაადგილებელი ადგილი რჩება.
როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები?
ბათუმში ღია კაფეების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული შეთანხმებული და დამტკიცებული რეგულაცია არ არსებობს. ბათუმს არ აქვს დოკუმენტი, რომელიც ცალსახად დაადგენდა, რა შეიძლება და რა არ შეიძლება მოაწყო ტროტუარზე ან სკვერში, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცეა. ვერ იპოვით დოკუმენტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს რესტორნის მეპატრონემ, რომელსაც ტროტუარზე კაფეს მოწყობა სურს. არსად წერია, ბათუმში კაფეს მოწყობის მიზნით დაშვებულია თუ არა ტროტუარის რკინის ან ხის კონსტრუქციით, შავი ან გამჭვირვალე შუშით ან სხვა რაიმე მასალით შემოღობვა, ჩებეტონება, ბეტონის აგურით ან კერამო გრანიტით ან საერთოდაც ე.წ. კაფელით მოპირკეთება. ამიტომაც პრინციპით, რომ რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია ტროტუარზე განსათავსებელი კაფეს ვიზუალი ჯერ მეპატრონის და შემდეგ ნებართვის გამცემის, მერიის შესაბამისი სამსახურის გემოვნების საკითხია.
ბათუმში, სადაც ქალაქის არქიტექტურაზე ყველაზე მეტს მსჯელობენ, ბრაზობენ და აქციებსაც აწყობენ, ამ დრომდე ვერც ბათუმის მერიამ და ვერც საკრებულომ ვერ მოახერხა, ქალაქის იერსახის ამ ნაწილზე ეფიქრა, წესები შეემუშავებინა და შემდეგ დოკუმენტად ექცია.
ამ დრომდე ბათუმის მერია ტროტუარებზე კაფეების განთავსების საკითხს ბათუმის
#16
დადგენილებით არეგულირებს. დადგენილება ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესებს ადგენს, რაც ღია კაფეების მოწყობის საკითხსაც მოიცავს, დოკუმენტში მხოლოდ რამდენიმე ტექნიკურ საკითხზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, რომ ღია კაფეს ესკიზი ნებართვის მაძიებელმა მერიის შესაბამის სამსახურს უნდა შეათანხმოს. დოკუმენტი არ ადგენს სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც კაფეს მოწყობის დასაშვებ ფორმებს, მასალებს, ფერებს და სხვა საკითხებს შეიძლებოდა შეხებოდა:
ამონარიდი დადგენილებიდან:
დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების განსათავსებელი ნივთის არქიტექტურული ესკიზი (პროექტი, ფოტო) A-4 ფორმატზე, ზომების ჩვენებით, განთავსების ადგილის პანორამული ფოტოესკიზი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#ტროტუარები
#ინფრასტრუქტურა
#batumidaily
წყარო - batumelebi.ge
#ბიზნესი
#მოგზაურობა
#ახალიამბები