6 votes
comments
shares
Save
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
1472 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ.

ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა?

- პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას.

- ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა?

- ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ.

- რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ?

- კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება.

- ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს?

- ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს.

- თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები?

- ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება.

- საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები?

- ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ.

- თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად?

- ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია.

- სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც...

- დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა.

- ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა?

- პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს.

- ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად?

- ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

- გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე?

- ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს.

ინტერპრესნიუსი

https://www.interpressnews.ge/ka/article/605494-kurt-volkeri-xalxi-20-ivniss-ver-daivicqebs
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
6
Write a comment