ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ სიკვდილიანობის ზრდა შეიძლება გამოიწვიოს
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრმა მატებამ რამდენიმე კვირაში სიკვდილიანობის ზრდა შეიძლება გამოიწვიოს.
„დაავადების შემთხვევების ზრდის შემდეგ სიკვდილიანობის დონე ყოველთვის იზრდება დაახლოებით ორი კვირის პერიოდში. თუ შემთხვევების მკვეთრ მატებას ვხედავთ, როგორც ეს ახლა ხდება, მაშინ სამწუხაროდ, ამას ორ კვირაში სიკვდილიანობის ზრდა მოჰყვება“, - განაცხადა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.
ამასთანავე, სუმია სვამინატანმა აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სიკვდილიანობის დონე შემცირდა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ექიმებმა ამ დაავადების მკურნალობა ისწავლეს.
„თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის დონე ჯერ კიდევ მაღალია. მსოფლიოში ყოველდღიურად კორონავირუსით დაახლოებით 5 ათასი ადამიანი კვდება. ამიტომაც, არ უნდა დავიწყნაროთ თავი იმით, რომ სიკვდილიანობის დონე მცირდება“, - დასძინა მან.