12 წლის ბავშვის სიცოცხლის მოსპობისთვის ძებნილი ჩეხეთმა გადმოგვცა
Tbilisi Daily
ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გიორგი ლიპარტელიანი - ამის შესახებ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
საქმე ეხება 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც 12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასამართლოში დადასტურდა, რომ ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გიორგი ლიპარტელიანმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვანს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
„საქართველოს მიერ ძებნილი კაცი ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი ლიპარტელიანი პრაღაში ცხოვრობდა და სწავლობდა.
სალომეტატიშვილი გიორგილიპარტელიანი
TbilisiDaily