დონეცკში "იზოლაციის" მიზნით არის დაკავებული MH17-ის საქმეზე ბრალდებული ლეონიდ ხარჩენკო - BBC
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143456
დონეცკში ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის მარტში დააპატიმრეს ლეონიდ ხარჩენკო - ერთ-ერთი იმ ოთხი პირიდან, რომლებიც ბრალდებული არიან დონბასის თავზე 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის (რეისი MH17) ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით და რომელთა საქმეს ნიდერლანდის სასამართლო განიხილავს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.
BBC-ის წყაროს თანახმად, ხარჩენკოს დაკავების საბაბი გახდა ბრალდებები უკანონო ჩხრეკასა და იარაღის უკანონო ტარების თაობაზე.
BBC-ის წყარო დარწმუნებულია, რომ ხარჩენკოს დაკავების ნამდვილი მიზეზია მისი „იზოლირება“, რათა გამოირიცხოს მისი მოტაცება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, რომლებმაც შარშან ზაფხულში მოახერხეს სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიიდან გაეყვანათ ვლადიმირ ცემახი - „მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგის“ საქმის მნიშვნელოვანი მოწმე. ცემახი მოგვიანებით გაიცვალა და, როგორც იტყობინებიან, ის რუსეთის გავლით დაბრუნდა დონბასის ტერიტორიაზე.