პატიმრის გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება მავნებლური და ამორალურია, - სარჯველაძე
Tbilisi Daily
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პენიტენციურ
დაწესებულებაში პატიმრების გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი ტიპის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია.
„საქმე გვაქვს სრულიად ამორალურ, დაუშვებლად ამორალურ საქციელთან. ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებშიც. ცალკეული ადამიანები უსაფუძვლოდ თხზავენ ფაქტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ამ გზით საჯარო დაწესებულებების დისკრედიტაციისთვის. მათ შორის არაერთხელ გვიხილავს ასეთი მიზანმიმართული კამპანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ.
საზოგადოების ყურადღება მინდა მივაქციო იმ გარემოებაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ ყალბი ცნობების გავრცელების ან დეზინფორმაციის ჩვეულებრივი სტანდარტული შემთხვევა. არამედ, მოცემულ შემთხვევაში ამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალს აღწევს. საზოგადოებისთვის არ არის იოლი ყოველდღიურად სხვადასხვა წყაროდან ყალბი ინფორმაციის მომდინარე ნიაღვრიდან გაარჩიოს მართალი მცდარისგან. მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლის ჩვენება განსაკუთრებულად სენსიტიური და მნიშვნელოვანია. ამდენად, მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ადამიანების და ოჯახების მდგომარეობა, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. მსჯავრდებულთა, ასევე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ახლობლებისთვის ასეთი ცრუ ინფორმაციის სრულიად გადაუმოწმებლად მიწოდება ძალზედ სახიფათოა, რომ არაფერი ვთქვათ ასეთი ქცევის ტოტალურ ამორალობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალური N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და პატიმარი გარდაცვლილია. პენიტენციურმა
სამსახურმა ინფორმაცია უარყო, თითქოსდა გარდაცვლილი პატიმარი ოჯახის წევრებს თავად დაუკავშირდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily
#საქართველო
#ახალიამბები