"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! "
Tbilisi Daily
ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა, კონსტანტინე ყიფიანის განცხადება, რომელიც დაკავებული ექიმის ვახტანგ ყიფიანის მამაა. დაკავებულს სამსახურებრივ გულგრილობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში სდებენ ბრალს.
ბატონ კოსტანტინე ყიფიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ვინაიდან უამრავი ჩემი კოლეგა, მეგობარი, პაციენტი და უცნობი ადამიანი მიკავშირდება, მეკითხება პირველ რიგში თუ როგორ ვგრძნობ თავს და მერე გამოთქვამს სურვილს თანადგომის, გადავწყვიტე გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი და ჩემი ოჯახის პრობლემები. მინდა დიდი თანაგრძნობა გამოვუხატო პაციენტის მშობლებს, რა თქმა უნდა, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს. მინდა ვთქვა, რომ პირველი დღიდან, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა მე ვიყავი საქმის კურსში ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციული ჩარევა არ იყო დაწყებული. 45 წელია ვმუშაობ ქირურგიის ერთ-ერთი რთული მიმართულებით, რომელსაც ჰქვია სისხლძარღვთა ქირურგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ. მერწმუნეთ, ყოველთვის ვაანალიზებდი იქნებ სხვანაირად გამეკეთებინა ჩარევა, იქნებ მე დავუშვი შეცდომა. ეს მარტო ჩემი არა, დამიჯერეთ, ყველა ქირურგის ხვედრია.
აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ასეთი სულისკვეთებით ვზრდიდი ჩემს მოწაფეებს და რა თქმა უნდა უფრო მომთხოვნი ვიყავი ჩემი შვილისადმი. ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია იყო მოსმენა პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ თითქოს "ვახტანგ ყიფიანი თაღლითია" და არა ის, რომ ვახტანგი დააპატიმრეს. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! მეორე დღეს როცა სამედიცინო საზოგადოება და მე შევხდით მინისტრს, ვისაუბრეთ არა მარტო ვახტანგზე, არამედ იმ ხარვეზებზე რაც არის დაკავშირებული ლიცენზირებასთან და დავსახეთ კონკრეტული გეგმები, როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომ აღარ განმეორდეს შემდეგში ასეთი შეუსაბამობა. განხილვის შემდეგ ქალბატონმა ეკატერინემ დაადასტურა რომ ვახტანგი გაუგებრობის მსხვერპლია, ჩემზე ბედნიერი იმ წუთებში ალბათ არავინ არ იყო. მე ნაკლებად მადარდებდა რომ ის იყო დაკავებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ვახტანგს უახლოეს ხანში გამოუშვებდნენ ციხიდან და საქმე გადავიდოდა ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში.