ადვოკატი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი მის გარეშე გახსნეს
Tbilisi Daily
როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი, კომპიუტერი გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს. კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მითხრეს, რომ კოდს მიაგნეს, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, უწყებაში განუმარტეს, რომ კოდს მიაგნეს, თუმცა კომპიუტერში არ შესულან.
ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყებიდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, როდესაც საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვაზე განცხადება გააკეთა.
„ვთქვი, რომ ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში და შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელითო და შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი, გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს კომპიუტერი. კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მითხრეს, რომ კოდს მიაგნეს, თუმცა კომპიუტერში არ შესულან. იმ მაღალჩინოსნის ნათქვამს, რომ თქვენი გოგო შარშიაო და შემდეგში უარყოფას, რომ ამდაგვარი საუბარი არ ყოფილა, დაემთხვა ისიც, რომ თამუნას „ფეისბუქი“ წაიშალა. უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. რას ემსახურებოდა იმ მაღალჩინოსნის განცხადება, რომ შარში იყო ეს ბავშვი, თუ კომპიუტერს იმ დღეებში ვერ ხსნიდნენ და ვერ გახსნეს?
კომპიუტერის სკანირება მიმდინარეობს და რამდენი საათი და დღე დასჭირდება, ვერ გეტყვით. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და გადამოწმდეს, როდის იყო ბოლო შემხებლობა კომპიუტერთან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ამ დრომდე დალუქულია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.
„რაც შეეხება ავტომობილს, ის დალუქულია და იმედია, გახსნილი არ არის. ჩემ თვალწინ დაილუქა და ჩემი ხელმოწერაა იმ ლუქებზე. ვცდილობ, დავუკავშირდე „ჰიუნდაის“ წარმომადგენლობას, მოვიწვიო ექსპერტი, რომ ჩემ თვალწინ გაიხსნას მანქანა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის ამ დრომდე აეროგადაღების ჩანაწერი არ გადაუციათ.
ამასთან, ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.
საქმეზე გამოიკითხა ასევე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი. გარდაცვლილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, სწორედ ლადო ბაჭულაშვილმა უთხრა მას, რომ მისი შვილი „შარშია“. გამოკითხვიდან გამოსულმა ბაჭულაშვილმა კი განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის არასდროს უთქვამს, თითქოს მისი შვილი შარში იყო.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.
#ახალიამბები