"ბედნიერებას მგვრის ეს მოგონება" - კოლაუ ნადირაძის ქუთაისი
Kutaisi Daily
მწერალი კოლაუ ნადირაძე საკუთარ ჩანაწერებში ქუთაისის შესახებ ხშირად გსაუბრობდა. აქ გიზიარებთ ნაწყვეტს მისი დღიურიდან, სადაც ის ძველი ქუთაისის ყოფას იხსენებს:
"მინდა მოვიგონო ქუთაისის წარსული, განსაკუთრებით ის წლები, როცა იქ მწველი ლიტერატურული ბრძოლები მიმდინარეობდა.
ეს ქალაქი, რომელსაც, მგონი, აღარც კი ვახსოვარ, ჩემს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს იმ თავისებურებით, რაც მხოლოდ მას გააჩნია და რაც აროდეს განმეორდება.
ქუთაისი! ეს ხომ იმპერატორულ რუსეთის თვითპყრობელობის პერიოდში წმინდა ქართული ქალაქი გახლდათ, სადაც მძლავრად გაისმოდა ერის მაჯისცემა, სადაც შეუბღალავად ირწეოდა მშობლიური აკვანი.
აქ დადიოდა უგვირგვინო მეფე _ დიდი აკაკი, თითქოს ოლიმპიდან ჩამოსული ზევსი.
მორიდებით და ღიმილით ეგებებოდნენ მას ბავშვები. დიდები მოკრძალებით და უდიდესი პატივისცემით ჩერდებოდნენ, რომ მისთვის სალამი მიეცათ!
ვიგონებ ქუჩაში ერთად მოსეირნე აკაკის და ვაჟა-ფშაველას, მათ ერთად გამოსვლას ქუთაისის თეატრში, მათ მიერ ლექსების წაკითხვას, მათ ხმას!
ბედნიერებას მგვრის ეს მოგონება ახლა, მაგრამ რა რიგ სავალალოა, რა რიგ მტკივნეული, რომ აროდეს მინახავს ილია!..
ქუთაისის იმდროინდელ ცხოვრებას ამშვენებდნენ აგრეთვე ჩვენი თაყვანსაცემი მწერლები: დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე.
აქ ხშირად შეგეძლოთ დაგენახად ნიკო ნიკოლაძე, გიორგი შერვაშიძე, კონსტანტინე ერისთავი, შალვა დადიანი _ მაშინ ჯერ კიდევ არა სახელოვანი მწერალი (იგი თეატრში მუშაობდა, როგორც მსახიობი და ახლად დაწერილი ჰქონდა პიესა „გუშინდელნი“).
წარუშლელ პიროვნებებათ დარჩნენ მეხსიერებაში ქართული გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი, ამავე გიმნაზიის ინსპექტორი სილოვან ხუნდაძე _ დაუცხრომელი მებრძოლი ქართული ენის სიწმინდისათვის. საინტერესო პიროვნებები იყვნენ, აგრეთვე ფილოლოგი ტრიფონ ჯაფარიძე, ექიმი სამსონ თოფურია და იურისტები _ ხელთუბლისშვილი, კ. ჩიკვაიძე.
ქუთაისის თეატრში ბრწყინავდნენ _ შესანიშნავი და ულამაზესი მსახიობი ლადო მესხიშვილი, განუმეორებელი და სპეტაკი ნუცა ჩხეიძე, ვალერიან გუნია, ა. იმედაშვილი, ჩემი მეგობარი, უდროოდ დაღუპული, არადელ-იშხნელი, ყალაბეგიშვილი.
მწერლობის ასპარეზზე უკვე გამოვლინებულნი იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, კიტა აბაშიძე, ია ეკალაძე, თომაშვილი, ცახელი, ცვარნამი (მებუკე), ივ. გომართელი, ფ. მახარაძე.
ქართული პოეზიის რენესანსის პირველ მერცხლად მე, რატომღაც, მაინც ჟურნალ „ოქროს ვერძის“ გამოსვლა მიმაჩნია.
იგრძნობა, რომ ქართული ლექსი იწყებს ახლებურად სუნთქვას, ახლებურად შლის ფრთებს… ახლოვდება მომენტი, როცა ქართულ მხატვრულ მეტყველების წინაშე ახალი ფართო გორიზონტი უნდა გაიშალოს…
ლიტერატურულ სარბიელზე იწყებენ გამოსვლას უფრო ახალგაზრდა მწერლები: პაოლო იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი, რ. გვეტაძე, შ. აფხაიძე, დია ჩიანელი (დავით ჩხეიძე), ივ. ყიფიანი, ლ. ჯაფარიძე, ა. არსენიშვილი, გ. ლეონიძე, კ. ნადირაძე, ნ. მიწიშვილი (სირბილაძე).
ახალგაზრდა მწერალთა მოღვაწეობა კულმინაციას აღწევს 1916 წელს, როცა პ. იაშვილის რედაქტრობით გამოდის ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ და ამავე სახელწოდებით არსდება საქართველოში სიმბოლიზმის სკოლა.
არსდება, აგრეთვე (პირველად მსოფლიოში) ყოველწლიური გაზეთი „პოეზიის დღე“, 1918 წ., სადაც საქართველოს ყველა მწერალთა ახალი ნაწარმოებები ქვეყნდება.
არსდება ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ (რედ. ვ. გაფრინდაშვილი), ჟურნალი „შვილდოსანი“ (რედ. სანდრო ცირეკიძე).
გარდა ამისა, ითარგმნება და იცემა „სტეფან მალარმე“, „ახალი პოეზიის ანტოლოგია“.
იბეჭდება და გამოდის ცისფერყანწელთა წიგნები: ვ. გაფრინდაშვილის „დაისები“, ს. ცირეკიძის „მთვარეულები“, კ. ნადირაძის „ბალდახინი“. ყოველივე ამის გაკეთება ჩვენ შევძელით იმ მტრულ გარემოცვის პირობებში, რომელიც ჩვენს მიმართ ქუთაისის წრეებში არსებობდა"
კოლაუნადირაძე
kutaisidaily