ცხოვრება უკიდურეს სიღატაკეში

Tbilisi Daily

სოციალური ქულების დათვლის პროგრამის კიდევ ერთი უსამართლო მაგალითი. "პროგრამა ავტომატურად ითვლის, ამიტომ შეწყვეტილი დახმარების მიზეზი, კონკრეტული სოციალური აგენტის მაღალი შეფასების შედეგი არ არის" - ყველა ჯერზე ფულადი შემწეობის მოხსნის ან საერთოდ არ დანიშვნის მიზეზი ერთია. ბათუმში მცხოვრები ავჯიშვილების ოჯახიც სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, თუმცა სახელმწიფომ საარსებო წყარო შეუწყვიტა. ორ წევრიან ოჯახში ორივე დედაც და შვილიც მძიმე ქრონიკული პაციენტები არიან. მათი ერთადერთი შემოსავალი კი 80 წლის მოხუცის ასაკობრივი პენსიაა. იმის გამო, რომ საპენსიო სესხი აქვთ, ყოველთვიურად მხოლოდ 155 ლარს იღებენ. 80 წლის მოხუცი და მისი შვილი, ნათესავების დახმარებით, საკვების მიღებას ძირითადად, დღეში მხოლოდ ერთხელ ახერხებენ. სახლში არცერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ დგას, თუმცა იანვარში გადამაწომების შემდეგ სოციალური დახმარება 90 ლარი, რომელსაც ოჯახი იღებდა, შეწყდა. მაღალი სარეიტინგო ქულების გამო ოჯახი უფასო სასადილოს რიგებიდანაც ამოწერეს. პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელიც, რომელიც ოჯახს არ გააჩნია. ისინი თავს ბარაკს აფარებენ. რატომ ვეღარ იღებს ღატაკი ოჯახი შემწეობას? - პასუხი უცვლელია. ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ქულებს პროგრამა ავტომატურად ითვლის. და ისევ, ოჯახი კვლავ ქულების უსამართლოს დამთვლელი პროგრამის იმედად რჩება და ხელახალ გადამოწმებას ელის.