იმერელი მეღვინე, რომლის ღვინო საზღვარგარეთ საუკეთესოდ აღიარეს

Kutaisi Daily

გაიოზ სოფრომაძე იმერეთში ერთ-ერთ წარმატებულ მეღვინედ ითვლება. მეურნეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტში აქვს. ვაზის თითოეულ ძირზე საკუთარი შვილებივით ზრუნავს. წლების წინ, როდესაც ცნობილი მეღვინეების მიერ დამზადებულ ღვინოს უყურებდა, ვერ წარმოიდგენდა, თუ წარმატება მასთანაც მივიდოდა და მის ღვინოზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ისაუბრებდნენ. წარმატებული მეღვინე 11 სახის იმერულ ღვინოს ამზადებს, ხოლო მის რეალიზაციას ისეთ ქვეყნებში ახდენს, როგორიც არის ამერიკა, იაპონია, გერმანია და ავსტრია. ათასობით ღვინის ბოთლის ექსპორტზე გატანა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 2013 წელს მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ გამართულ ღვინის საერთაშორისო ბაზრობაზე, სადაც მისი ღვინო შეიყვარეს, ხოლო მეღვინე მის სფეროში საუკეთესოდ აღიარეს. დღეს გაიოზ სოფრომაძის მარანში ღვინის ათასობით ბოთლია, რომელიც რეალიზაციას ელოდება. ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შეკვეთები უკვე აქვს და ფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც იმერული ღვინო უახლოეს პერიოდში ექსპორტზე გავა. მარანში შესვლისას განსაკუთრებული ემოციებით ავსებს ტურისტებისათვის მომზადებული კუთხე, სადაც ქართული ეთნოგრაფიის ნიმუშები და ტურისტებისგან მიღებული სიმბოლური საჩუქრები აქვს მოთავსებული. ელოდება იმ დროს, როდესაც ტურისტები ისევ ჩამოვლენ და გაიოზ სოფრომაძის მარანშიც ძველებური მხიარულება დაბრუნდება. წარმატებულ იმერელ მეღვინეს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს: სურს სავენახე ფართობები კიდევ გაზარდოს, უფრო მეტი ღვინო დაამზადოს და ყველას, ვისაც სოფელი და სოფელში მამაპაპისეული კარმიდამო აქვს, ერთ რამეს ურჩევს: დარჩნენ სოფელში და იშრომონ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კულტურა #ღვინო #იმერეთი #kutaisidaily წყარო - topnews