რატომ ვერ აჯარიმებენ კანონის დამრღვევს?
Tbilisi Daily
ღამის 23:00-დან დილის 8:00 საათამდე პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია - როგორც ბევრ შემთხვევაში, კანონმდებლობაში არსებული აკრძალვა მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ერთეული შემთხვევები რომ იყოს, კიდევ არაფერს იტყოდა ადამიანი, მაგრამ ეს თითქმის ყოველდღიურად ხდება. თითქმის ყოველდღე, 24 საათის შემდეგ, სხვადასხვა ადგილზე ქალაქში ფეიერვერკებს აფეთქებენ. განსაკუთრებული პრობლემა იმ ოჯახებს ექმნება, ვისაც პატარა ბავშვი ყავს.
"გვიან ღამით გვაღვიძებს ფეიერვერკების ხმა, გვესმის, რომ ზაფხულია, სეზონია, მაგრამ სახლში უმეტესობას გვყავს პატარა ბავშვები. წუხელ 12 საათის შემდეგ 2 წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ ისმოდა აფეთქების ხმა. ბავშვს სიცხე ჰქონდა და ახალჩაძინებული გამიღვიძეს.
საინტერესოა, რატომ არავინ აკონტროლებს ამ სიტუაციას " - ამბობს მარიამი, რომელსაც სახლში ორი მცირეწლოვანი ყავს.
პიროტექნიკის დაუშვებელ დროს გამოყენების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა დარეკოს ბათუმის მუნიციპალური სამსახურის ცხელ ხაზზე - 598 85 15 20. პროცედურა ასეთია - იძახებ ბათუმის მუნუციპალურ სამსახურს. შეტყობინების საფუძველზე უწყების წარმომადგენლები ადგილზე მოდიან, თუმცა თუ ფაქტს ვერ მოუსწრეს ან იდენტიფიცირება ვერ მოხდა, რაც ფიზიკური პირების შემთხვევაში მთავარი სირთულეა, კანონმდებლობის თანახმად, ისინი ვერ რეაგირებენ, შესაბამისად ვერც ჯარიმა იწერება. შედარებით მარტივია რეაგირება იურიდიული პირების შემთხვევაში, ამ დროს ხდება კანონმდებლობის დამრღვევი ობიექტის დაჯარიმება.
კანონმდებლობით, დღისა და ღამის საათებში სხვადასხვა შენობის აკუსტიკური ნორმების გადამეტებისთვის იურიდიული პირები 500 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით. ფიზიკური პირი 50, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარით დაჯარიმდება.