სომხეთში გრძელდება გლოვა ყარაბაღში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

19 დეკემბერს სომხეთში დაიწყო სამდღიანი გლოვა, რომლითაც პატივს მიაგებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო, აზერბაიჯანის ძალებთან ექვსკვირიან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.  კორონავირუსისგან თავის დასაცავად სახეზე ნიღბით და დაცვით გარშემორტყმული პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 19 დეკემბერს ერევნის ცენტრში შეუერთდა ათასობით მოქალაქეს, სამგლოვიარო მსვლელობაში. ფაშინიანი აცხადებდა, რომ მსვლელობა გაივლიდა რესპუბლიკის მოედნიდან სამხედრო პანთეონამდე.  პანთეონთან ფაშინიანის მოწინააღმდეგეებმა მისი მისამართით იყვირეს "მოღალატე", მათ შეხლა-შემოხლა მოუვიდათ პოლიციასთან და პრემიერ-მინისტრის მომხრეებთან. პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა, რათა გზა გაეხსნა ფაშინიანისთვის, რომელსაც დაცვის წევრები ფარებს და ქოლგებს აფარებდნენ, რადგან დემონსტრანტთა ნაწილმა მისთვის კვერცხების სროლა სცადა.  მოგვიანებით ოპოზიციამაც გამართა სამგლოვიარო მსვლელობა, რომელშიც 20,000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და რომელიც საეკლესიო მსახურებით დასრულდა.  ფაშინიანს მწვავე კრიტიკა შეხვდა მას შემდეგ, რაც დათანხმდა აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით 10 ნოემბერს მიღწეულ შეთანხმებას. ფაშინიანის ოპონენტებს სურთ ის გადადგეს, რადგან, მათი თქმით, ფაშინიანმა მარცხი განიცადა კონფლიქტის შედეგით - რომელმაც აზერბაიჯანს დაუბრუნა 1990-იანი წლების შემდეგ სომხების კონტროლის ქვეშ მყოფი ბევრი ტერიტორია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31010126.html #ახალი_ამბები #twitter