"ხელისუფლების ტალახი ახალგაზრდებმა სისხლით ჩამოგვბანეს" - აქცია ბათუმშიც გაიმართა

0
ევროპის მოედანი ხალხის გარეშე, ალბათ, წვიმის დროსაც წარმოუდგენელია. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ შენი ქვეყნის სხვა ქალაქში 1 წლის წინანდელ მოვლენებს იხსნებენ და პარლამენტის შენობის წინ ოკუპაციას გმობენ შენი თანამოქალაქენი. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. ბათუმიც გამოეხმაურა თბილისს და სოლიდარობა გამოუცხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად შეეხო 1 წლის წინ მომხდარი. თავდაპირველად, ცოტას ვნერვიულობდი. დილიდან გადაუღებლად წვიმდა და იმიტომ. ვფიქრობდი, გამოვიდოდნენ თუ არა ადგილობრივები, იმ შემთხვევაში თუ ამინდი ხელს არ შეგვიწყობდა და წარმოიდგინეთ, აქციის დაწყებამდე წვიმა სრულაიდ შეწყდა. 7 საათიდან უკვე შეკრება დაიწყო და ხალხის ნაკადიც თანდათან გაიზარდა. მართალია, ვისურვებდი ევროპის მოედანი მთლიანად გადავსებულიყო და ბევრად მეტ მოქალაქეს დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია აქციაზე მოსვლით, თუმცა ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, ვინც თუნდაც სახლში იჯდა, მაგრამ იზიარებდა მიმდინარე აქციების მთავარ გზავნილებს, მაინც მონაწილეებად ითვლებოდნენ. “პუტინის სტიკერები” სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით მოედნის ქვაფენილებს ამშვენებდა და იქ შეკრებილებიც, აქციაზე სიტყვით გამომსვლელთ სწორედ იქიდან, დისტანციურად აკვირდებოდნენ. აქცია საქართველოს ჰიმნის შემდეგ ალექსანდრე მილორავამ გახსანა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა:

“ეს არის თოთოეული ჩვენგანის ღირსების და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ღირსების დაცვის დღე. რუსეთმა გამოაგზავნა კომუნისტი გავრილოვი, რომელმაც დაიკავა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელი. ეს ყველა ღირსეული ქვეყნისთის ძალზედ შეურაცხმყოფელია. სწორედ, ამან აღაშფოთა მთელი საქართველო და თბილისში პარლამენტთან შეყარა ჩვენი ერის ყველაზე ღირსეული და პატრიოტი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც, სამწუხაროდ, ჩვენმა სახლემწიფომ გამოიყენა ძალიან უხეში ძალა და საქართველოს შვილებს ხელისუფლებამ ამოთხარა თვალები. ეს იყო ჩვენი ერისთვის სულში ჩაფურთხების ტოლფასი. ასეთ ბოროტებას და შეურაცხყოფას ქართველი ხალხი თავს არასდროს უხრიდა... დღეს ჩვენი აქ შეკრებაც, რუსთაველზეც შეკრება ნიშნავს იმას, რომ ქართველი ერი არის თავისუფლების სურვილით გამსჭვალული და ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ”

- თქვა ალექსანდრე მილორავამ. აქციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთი წლის წინ რეზინის ტყვიების მსხვერპლნი გახდნენ:

“გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოსკუპებით ხელისუფლებამ ტალახი გვესროლა და იგი იმ ახალგაზრდებმა საკუთარი სისხლით ჩამოგვბანეს. მადლობა მათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთი წლის შემდეგ იმ ღამიდან, არაფერი გაუმჯობესებულა და სამწუხაროა, რომ კვლავ იგივე მოთხოვნები გვაქს.”

- განაცხადა გენრი დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ სამოქალაქო საპროტესტო აქცია გვიან ღამით სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს. იმ ღამით 240 მოქალაქე დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავი, ორმა აქტივისტმა თვალი დაკარგა, ხოლო 40-მდე ჟურნალისტმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
#აქცია #20ივნისი #სირცხვილია #არაოკუპაციას #batumidaily
0