"ჩვენ გაგვიმართლა, რომ საქართველომ აგვირჩია თავისად. "

0
ათასნაირ აზრს გაიგებთ პოეზიის შესახებ... ზოგი მის მიმართ სრულიად გულგრილია და ისე აინტერესებს, როგორც, მაგალითად, კულტურის მინისტრის შეცვლა ევროპის რომელიმე ჯუჯა სახელმწიფოში. ზოგს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ზოგისთვის კი საძულველი, პათეტიკური, სრულიად გაუგებარი რამაა. ალბათ, ყველა თავისებურად მართალია. პოეზია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც ხელშესახებია და ხმებისა და ტექსტების სახით არსებობს, არც ისე ადვილად მოსახელთებელია... გასაგებია, ყველას თავისი პოეზია აქვს...

დღეს Zugdidi Daily-ს რუბრიკა "წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" - ახალგაზრდა პოეტს, დათო ფიფიას გაგაცნობთ. რა არის მისთვის პოეზია? - ამ კითხვაზე პასუხს ინტერვიუშივე იხილავთ...

დათო ფიფი 19 წლისაა, სწავლობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ასე ამბობს, - არ დავსაქმდები მანამ, სანამ პროფესიულ საქმეს არ მივაგნებ, რამეთუ პასუხი გავცე ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ფსიქოლოგიით რთულია დასაქმებაო. პოეზიასთან ურთიერთობის დასაწყისს მორიდებას უკავშირებს...

„თავიდან ორივეს გვერიდებოდა, შემდეგ იმან დამასწრო და შემოიპარა.“

პირველი ლექსი ძმაკაცისთვის დაუწერია - ფიფამ , , გამიჩალიჩა’’, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელი ყოფილა, თუმცა ვარჯიში ეზარებოდა. ლექსის წერა ბევრ სულიერ პროცესს უკავშირდება... გრძნობათა ტბორევში ხარ ჩაძირული და გინდება ამ ემოციის სხვისთვის გაზიარება.

"ზოგჯერ შფოთვა, ზოგჯერ დარდი, ზოგჯერ ბედნიერება...

ჰო, ასეთი ჭრელ-ჭრელია, ჩემი მშვენიერება."

ამბობს, რომ ყველა შემოქმედს აქვს გავლენა, მთავარია დროთა განმავლობაში ინდივიდუალური ხედვის დამკვიდრება პოეზიაში. მიმბაძველობა კი საწყის ეტაპზე, ბუნებრივი და ლოგიკური პროცესია. სამშობლოსადმი სიყვარულს ახალგაზრდა პოეტის ლექსებში უთუოდ შეამჩნევთ. წერს და თან მთელი ემოციით, მთელი გულით კითხულობს, ისე რომ სხეულის ყოველი ნაწილი გრძნობს ემოციას სიღრმისეულად. "ჩვენ გაგვიმართლა, რომ საქართველომ აგვირჩია თავისად. "
მაგალითად უნგრელი პოეტისა და რევოლუციონერი-დემოკრატის, შანდორ პეტეფის ცხოვრებას იხსენებს. ფიქრობს, რომ მის მსგავსად, მასაც შეუძლია სამშობლოსთვის ისეთი დიადი რამის დათმობა, როგორიც ქალია, თუმცა აქვე ამბობს იმასაც, რომ არ უნდა... ჩვენი იდენტობა მეტწილად ტრადიციებში იკვეთებაო და დიახ, ასეა. ქართველები ოდითგანვე ტრადიციულ ერად ვართ ცნობილნი და დღეს, XXI საუკუნეშიც იგრძნობა ის, რამაც დროს გაუძლო. პოეზიაც ერთ-ერთია, სადაც ტრადიციულობის ნიუანსი შეინიშნება. "უამრავი ადამიანი რაღაც ჩვევას ტრადიციას მიაკუთვნებს, როცა ტრადიციებს ჩვენთან ისტორიული როლიც კი აკისრიათ."- ამბობს დათო. კითხვაზე, თუ რა მისია აკისრია ამ ქვეყნად - მოკლედ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ემოციურად გვპასუხობს:

"სიყვარული, სიყვარული და სიყვარული.."

პიროვნულად თვითკრიტიკოსია, რაც დამერწმუნებით, რომ წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. "ვისურებდი, რომ კრიტიკოსებს ტვინი , , ეჭყლიტათ’’ ჩემს ლექსებზე (ეს მათთვისაც უკეთესი იქნებოდა)." პოეზიას თავი რომ დავანებოთ, დათოს ბილიარდის თამაშიც უყვარს და ამასთნ, ფეხბურთიც. გვეუბნება, რომ ფეხბურთელობაზე დღესაც ფიქრობს, როგორც სულის ნაწილზე, როგორც გზაზე... სოციალური ქსელებით დიდად მოხიბლული არაა, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ფიქრობს, რომ ის წიგნის მაგივრობასაც უწევს ბევრს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს. მისი აზრით, ეს ტრაგედიაა, - თუმცა როგორც მონეტას აქვს ორი მხარე ფეისბუქიც ერთ-ერთი წამყვანი რამაა აზროვნებაში, პოლიტიკაში... რამდენიმე პერსონალური საღამოც ჰქონია, რომელსაც დიდი განცდა აღუძრავს და მსგავს ემოციას ვერც ინატრებდა სოციალური ქსელებიდან. ფიქრობს, რომ აუდიტორიასთან უშუალო ურთიერთობა ყველაზე დიდი კომფორტი და ბედნიერებაა პოეტისთვის. რაც შეეხება მოტივაციას, მისთვის ის ბევრი ემოციისა და იდეის საწყისია. "პირადად ჩემი ინსპირაციის წყარო უმეტესად კითხვაა, თუმცა შთაგონების სათავე, როგორც ასეთი დაუდგენელია. ჩემს მკითხველს კი აქვე მოკითხვა ჩემგან. გულში მიყვარს ეს ადამიანები..." ლექსებს წინასწარ არ გეგმავს, მეტიც, ამბობს რომ წინასწარ არაფრის დაგეგმა არ ჩვევია, პოეზიის მხრივ მით უმეტეს. რადგან ფიქრობს, რომ ყველა ლექსში ჩანს გრძნობა, გრძნობა კი უშუალოდ ლექსის გამხელის პროცესია. რომ არა პოეზია, "მიზანი შეიცვლებოდა, ხოლო მიზნის ავტორი დარჩებოდა იგივე, ყველა ბრძოლაში." , , უნდა შეგვეძლოს’’ ასე ქვია ახალგაზრდა, თანამედროვე პოეტის კრებულს, სადაც სხვადასხვა პათოსის ლექსები აქვს მოქცეული. ბევრია დილეტანტური, უმეტესად ისინი, რომლებიც პირველ პერიოდებში დაიწერა. ჩვენთან, ინტერვიუში კი გაგვიმხილა, რომ ახლო მომავალში მეორე კრებულის გამოცემას გეგმავს.
"რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი იქნება და კონკრეტული დატვირთვა ექნება..." რჩევები გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ფუფუნება მგონია. რადგან ეყრდნობა მაგალითებს და ყველაზე არგუმენტირებულია. ადამიანები გვირჩვენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვითლისწინებთ. ჰო და, დათო გირჩევთ, - რომ იცხოვროთ ისე, როგორც თაქვენ გინდათ... "ჩემი თაობის ახალგაზრდებს, ამ ნიჭიერ გოგო-ბიჭებს, ვურჩევ, რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათ უნდათ, თუმცა ეს ნდომა იყოს შესაბამისი მთელი მოცემულობის, რაც ჩვენს გენსა და იდენტობაშია ჩაქსოვილი. იკითხონ ბევრი, მოისმინონ და გაუზიარონ ერთმანეთს ყოველივე კარგი. ემპათიის უნარი აუცილებლად უნდა გააჩნდეს ადამიანს..."
და ბოლოს... "ვსწავლობ და მსიამოვნებს ეს პროცესი. შემეძლო ფეხბურთელობა მეცადა, გავყოლოდი სპორტს და ვიცი, რომ არ ვინანებდი. პოეზია ისეც ჩემია, ვერავინ წამართმევს შთაგონებას, ხოლო კალამს მე არ გავაგდებ ხელიდან. აი, ფსიქოლოგიას რაც შეეხება, ნამდვილად საინტერესოა, სწავლობდე ადამიანის ფენომენს. გიჟობაა, მაგრამ მიფიქრია ამ სამი სხვადასხვა მიმდინარეობის ტანდემზე. მერე რა. მეცოდება რომ მოკვდება კაცი ვისაც ქვეყნად არ გააჩნდა განძი, ღმერთთან ჰქონდა ერთადერთი ვალი და ამ ვალზე მან დახუჭა თვალი."

ვისი ხატია სამშობლო

ვისი ხატია სამშობლო ანკი რა არის სახატე, სხვისი სულ ღმერთმა მაშოროს ვხედავ ჩემიც ვერ დავხატე ვერ გავცდი ჭრელ-ჭრელ ოცნებას ვფაფხურობ და ვიკარგები, რაც იყო განა მოძველდა მე მივიხურე კარები... ვაჟამ არწივი აფრინა ტატომ მერანი დაღალა, მერცხალი შემოაფრინა სულში წერეთლის , , ბაღანამ‘‘ მუხრანი იდგა-დაეცა იჯდა, წამოდგა ქართველი, იაშვილს ტყვია გაექცა მიდამოებში საფეთქლის და პროცესიაც დაიძრა იქ დარდი, სევდა, სანთელი, აღმაფრენების ქარიშხალს ვერ დაემალა გრანელი. მთვარეს არ უნდა არავინ ესაუბრება ტაბიძეს, ტრფობა აქვს დაუფარავი და ეს რას ნიშნავს გაფიცებთ?! აი ნამდვილი ეპოქა აქ მამას შვილი უზრდია, მთელს გალაკტიკას ეყოფა ორივე გამსახურდია! აქ რუსთაველი მოვიდა ასარჩევია? ავირჩევ ნებისმიერი ორიდან ვეფხისტყაოსნის კარიბჭეს. ლადომაც ბევრი იცოდა ბიჭებსაც წლები დააკლდათ, მირზა იქ სადღაც ისროდა გურამი ზღვაში გადახტა. წვიმს, მისველდება აურა დღეებით მზეზე გამომშრალ, სიმშვიდე მოშინაურდა სიმშვიდე- ღმერთის გამოცდა... ვხედავ ხელიდან წავედი თავზე მენგრევა ჩემი ცა, მახრჩობს ვერ თქმული წამები მინდა დუმილი შევიხსნა , , ჩემი ხატია სამშობლო’’ სამშობლო ჩემი გულია, მე უშენობა მაშოროს ღმერთმა, უშენოდ რთულია... ვიხსენებ ტატოს, ილიას, რუსთაველს, ვაჟას, აკაკის... გალას, ტერენტის, ტიციანს და ღმერთის ყველა ჩანაფიქრს.. ვიხსენებ აღმაშენებელს, ვიხსენებ ყველა წამებულს, ეპოქის ყველა მშენებელს სპორტსმენებს, გმირებს, რამეთუ... ქვეყანას ჭირი მოედო ისინიც აღარ არიან, ხმა ამოიღე პოეტო ხომ იცი ერთი წამია სიცოცხლე, როგორც ასახვა როგორც სხვაგვარი მომენტი, მიზნად სამშობლოს დავსახავ ასე იზამდა პოეტი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#წარმატებულიადამიანებისამეგრელოდან
#ახალიამბები
#ხელოვნება
#პოეზია
#ფეხბურთი
#საქართლო
#პატრიოტი
#ლექსი
#ზუგდიდი
#zugdididaily
0