სალომე სამადაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭის ყრაში მონაწილეობაზე

0
"ჩვენ გუშინ გვიან ღამემდე ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეგვექმნა სრული სურათი, თუ რა ბედი ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რადგან იცით, რომ ამ შეთანხმების ყველა პირობა დღემდე არ არის შესრულებული და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა რჩება საპყრობილეში, "- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის წევრმა განაცხადა. სალომე სამადაშვილის თქმით, თუ ისინი დაინახავენ ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, მზად არიან, გადახედონ მათ გადაწყვეტილებას და შემდეგ მოსმენებზე მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. "ამავე დროს, ჩვენთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ შესაძლებლობა დღეს ჩააგდოს მორიგ ჯერზე საკონსტიტუციო ცვლილებები და მორიგ ჯერზე მოატყუოს ქართველი ხალხი და ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება. ამიტომ პირველ რიგში ვიტყვი, რომ კარგია, რომ სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დააზღვიონ საკონსტიტუციო ცვლილებები და დღეს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ცვლილებებს. ამავე დროს, სანამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ არის შესრულებული, ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის წინსვლაზე ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით და ქვეყანა რჩება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენამდე, ჩვენ რა თქმა უნდა, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც რთული მისაღები იყო, დაგვეხმარება და დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციას და ქართველ ხალხს იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოეს მომავალში მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის მობილიზაცია, ზეწოლის გაზრდა ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ზეწოლის გარეშე ეს ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი არ აპირებს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესებისთვის შესაძლებლობის მიცემას და ამას მოწმობს ის, რომ დღემდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
0