წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელს გზის, წყლის, კანალიზაციის და ნაგვის ურნების პრობლემა წლებია აქვს და ამ დრომდე არ მოგვარებულა.
მათი განმარტებით, ხელისუფლება საარჩევნოდ დაპირებებს გასცემს, პრობლემას კი მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს უგვარებს და გზასაც მათ უბანში აგებს.
"გზა არ გვაქვს, წვიმიან ამინდში ვერ დავდივართ, გვპირდებიან საარჩევნოდ და არ ასრულებენ. ამასთან, სოფელში არც წყალია, არც კანალიზაცია, არც ნაგვის ურნები. ვითხოვთ, დახმარებას, მაგრამ მხოლოდ დაპირებაა, პრობლემებს მარტო იქ აგვარებენ, სადაც მათი მხარდამჭერები არიან", - განაცხადეს ადგილობრივებმა.
აქციას შეუერთდნენ და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა წევრებმა.