მე ჩვენი სოფლის ერთადერთი სტუდენტი გოგონა გავხდი - ახალგაზრდა ულდუზ ალიევის წარმატების ისტორია

0
მე ულდუზ მქვია, მიყვარს ოცნება და ამ ოცნებების ასრულებისთვის გაუჩერებლად მუშაობა. რა თქმა უნდა, დღითიდღე ჩემს ოცნებებსაც ვაღწევ. მე მაქვს ჩემი ისტორია, რომელიც სავსეა სირთულეებით. მარნეულის ერთ-ერთ პატარა სოფელში დავიბადე, გავიზარდე და შევეცადე, განათლება მიმეღო. რადგან ჩემი სოფლის სკოლაში 12 კლასის დამთავრების შესაძლებლობა არ მქონდა, 9 კლასის დამთავრების შემდეგ მეზობელ სოფელში მომიწია ფეხით სიარული. ზუსტად 3 წლის მანძილზე, ყოველდღე დილით გავდიოდი სახლიდან და საღამოსკენ ვბრუნდებოდი. ზამთარში რომ ვიღვიძებდი, ჯერ სიბნელე იყო. ცოტას ველოდებოდი, მზე გამოჩენილიყო და გათენებულიყო, რომ სახლიდან გავსულიყავი. როგორც კი ინათებდა, გავდიოდი. 9-ის ნახევარზე სკოლაში უნდა ვყოფილვიყავი. წარმოიდგინეთ, რომელ საათზე უნდა გავსულიყავი სახლიდან, რომ 3-კილომეტრიანი გზა გამევლო და დროულად მომესწრო პირველ გაკვეთილზე შესვლა. რა თქმა უნდა, ხშირად მაგვიანდებოდა კიდეც. ხშირად გაკვეთილების შემდეგ მოსამზადებლადაც ვრჩებოდი და უკანა გზაზე უკვე მზე ჩასული იყო. დაბრუნებისას, გზაზე, თავდახრილი მივდიოდი. ვიმედოვნებდი, რომ გამვლელი შემამჩნევდა და მანქანაში ჩამისვამდა. ყველაზე მეტად რთული იყო ზამთრის ძალიან ცივ დროს დილაობით სახლიდან გასვლა. წვიმაზე და თოვლზე აღარაფერს ვამბობ. წვიმიან ამინდში სახლში დაბრუნებისას, თავით ფეხებამდე სველი ვიყავი ხოლმე. რა თქმა უნდა, სირთულეებს ვითმენდი, რადგან ჩემი მიზნები მქონდა. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახისგან მქონდა მხარდაჭერა. გარშემო მყოფები ზურგს უკან ჭორაობდნენ. „ამას სახლშიც კი ვერ ნახავ და როდის ასწრებს სწავლასო“, ბევრი ამბობდა. მომდევნო წლებში, უკვე სხვა მეზობელ სოფლებს სპეციალური მარშრუტები დაუნიშნეს, რომ ბავშვებს ასე ევლოთ სკოლაში. რადგან ცოტანი ვიყავით, მნიშვნელოვნად არც ჩათვალეს ჩვენთვის განათლების მოცემა. მიზეზს თუ იკითხავდი, თქვენი ცუდი გზები გაქვთ და თან ცოტანი ხართო, ამბობდნენ. ნეტავ წესიერი გზა მაინც გვქონოდა, წვიმიან ამინდში თავით ფეხებამდე ტალახში მაინც არ ამოვიგანგლებოდით. გარდა ამისა, ჩვენი სოფლის სკოლაში განათლების დონე იმდენად დაბალი იყო, რომ ჩვენი ცოდნაც შესაბამისი იყო. სხვა სკოლაში გადასვლის შემდეგ, ამაზე ხშირად დამცინოდნენ. მათ დონემდე რომ ავსულიყავი, ბევრს ვშრომობდი და სასურველს მივაღწიე კიდეც. სოფლის ერთადერთი მოსწავლე გოგონა ვიყავი. მთელი 3 წელი მეზობელ სოფელში ფეხით სიარულით გავლიე. ბევრი ვიშრომე და სასურველს მივაღწიე. მე, უგზობის და უტრანსპორტობის პირობებში, სკოლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება შევძელი. მე ჩვენი სოფლის ერთადერთი სტუდენტი გოგონა გავხდი. დღესდღეობით, მხოლოდ ერთს ვისურვებ, რომ გოგონები ძლიერები იყვნენ. მინდა, რომ საუკეთესო მაგალითები აიღონ, არ დანებდნენ, არ დაიღალონ, არ მოუსმინონ ჭორებს, მხოლდ წინ იყურონ და განათლებას მიხედონ. წარმატებისა ირწმუნონ. იოცნებონ, მიზანდასახულნი იყვნენ და ამ გზით ყოველთვის სასურველს მიაღწევენ. წყარო: ფანჯარა
#ოცნებები
#ბრხოლა
#ქალი
#მარნეული
#marneulidaily
#მეცნიერება
#ახალიამბები
0