ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინაში ომს, სავარაუდოდ, კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - ამ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. მომხდარი რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მათგანმა დაუდასტურა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ისინი "კადიროველების" ჩასაფრებაში მოყვნენ. „არავინ არაფერი არ შემეკითხოთ და არც დამირეკოთ“, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე. „ერთდროულად 5 (!!!) ბიჭი მოგვიკლეს... აღარ შემიძლია ხალხო“, - წერს ფეისბუკზე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ასევე უკრაინაში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და ამოწმებს ინფორმაციას. უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.  რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32160307.html

Source: radiotavisupleba.ge