"კარგი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, მადლობაც უნდა ვთქვათ" - მეგრელიშვილი
Tbilisi Daily
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ქართულ ოცნებას ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმების გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობას უხდის.
"ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, ალბათ მადლობაც უნდა ვთქვათ, რადგან გუშინ ჩვენი განცხადებაც იყო ამის შესახებ. არამხოლოდ ჩვენი განცხადებები იყო, ევროპარლამენტარები, პრეზიდენტიც კი გამოვიდა. მგონი, სწორი მიმართულებით დავიწყეთ რაღაცნაირად მოძრაობა. გაგვიჩნდა დრო, რა პოზიციაც გვქონდა ავხსნათ კიდევ ერთხელ, გასაგები გახდეს, რომ ის მოლაპარაკებები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა, მართლა ღირებულებებს შეიცავს" - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციონერ პარლამენტართა მოთხოვნას, მათი საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილებს. კობახიძემ ახსნა, რომ ოპოზიციონერთა ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა საჯარო წნეხისა და "ბულინგის" გამო ამის გაკეთებას ვერ ბედავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა რომ გაახანგრძლივოს მოლაპარაკებების პერიოდი და ოპოზიციასთან შეთანხმების შესაძლებლობას კვლავ შეინარჩუნოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ორივე მხარეს შეთანხმებისკენ მოუწოდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები