სააკაშვილის როლი არის იმ ოპოზიციური პარტიების ბულინგი...
Tbilisi Daily
მიხეილ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს, ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს დასავლური მისიების წარმომადგენლებს და ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რასაც ის თავისი ხელისუფლების პერიოდში ახორციელებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, „სააკაშვილი ებრძვის დასავლურ ღირებულებებს და დასავლელებს“.
„სააკაშვილის როლი არის ბულინგი იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც ვფიქრობ და ვიმედოვნებ, კონსტრუქციულ დიალოგში შემოვლენ და ასევე შემოვლენ პარლამენტშიც. თუმცა, ასევე სააკაშვილზე შემიძლია დავამატო, რომ ეს ადამიანი უტევს დასავლურ ღირებულებებს, ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს დასავლური მისიების წარმომადგენლებს და ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რასაც ის თავისი ხელისუფლების პერიოდში ახორციელებდა. ის ებრძვის დასავლურ ღირებულებებს და დასავლელებს. მაგრამ სააკაშვილისგან, რომელმაც აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ მხარი დაუჭირა იმას, რომ თითქოს აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო ეს არის შედარებით ნაკლები პოლიტიკური დანაშაული, თუმცა, ესეც არის დანაშაული
დეკლარირებულად გამოკვეთილი რუსული ძალები საქართველოში დღეს ერთ მხარეზე და პოზიციაზე დგანან. იცით ასეთი პარტიები. ისინი დგანან დღეს ფასადურად ევროპული ღირებულებების მატარებელ პარტიებთან და ერთად აპროტესტებენ ვითომ გაყალბებულ არჩევნებს, იგონებენ არჩევნების გაყალბებას. მგონი, ამითაც ყველაფერია ნათქვამი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი გააკრიტიკა. სააკაშვილი კოქსს „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტინი კოქსი რუსეთის კმაყოფაზე მყოფი დეპუტატია.