დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144191
ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის თქმით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ აბაშიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს. პირდაპირი მნიშვნელობით, პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტს რომ ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისვრიან ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავის საქმიანობას ასრულებენ”, – განაცხადა აბაშიძემ.
ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელია. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს დოროყაშვილის და ბავშვის ინტერესებს.
24 მაისს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.