ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ცნობილი ტელეჟურნალისტმა და კრემლის კრიტიკოსმა, ალექსანდრე ნევზოროვმა და მისმა მეუღლემ ლიდიამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ. ამის შესახებ ცნობას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო telegram-ის არხის საშუალებით ავრცელებს.
როგორც გერაშჩენკო ამტკიცებს, ნევზოროვს და მის მეუღლეს მოქალაქეობა "ქვეყნის წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის" მიენიჭათ. „მადლობა, ალექსანდრე და ლიდია, თქვენი გამბედაობისა და პატიოსნების, ომის შეჩერების გულწრფელი სურვილისა და რეალური სიტუაციის ჭეშმარიტი შეფასებისთვის", - წერს გერაშჩენკო.
თავად ნევზოროვმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს "ნაწამებ, სასოწარკვეთილ და გასისხლიანებულ ადამიანებს, რომლებმაც მათ შორის ადგილის დაკავების უფლება მომცეს,"-დაწერა ტელეგრამის არხში ნევზოროვმა.
უკრაინული კანონები ზოგადად კრძალავს უკრაინის მოქალაქეობის ქონას ერთოდრულად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პარალელურად.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ნევზოროვი ხშირად ძალიან მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა.
მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ 6 მაისს გასცა ბრძანება, რომ ნევზოროვი, ცნობილი ტელეჟურნალისტი და კრემლის კრიტიკოსი, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ორი თვით უნდა დააკავონ. ნევზოროვი, რომელიც, როგორც იუწყებიან, ამჟამად ისრაელშია, უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
ნევზოროვის სახელი 4 მაისს შეიტანეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში. სამინისტროს თანახმად, ყოფილი დეპუტატი ეჭვმიტანილია "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში".
https://www.radiotavisupleba.ge/a/31882091.html
Source: radiotavisupleba.ge