სოხუმში რუსეთის "ნაჩუქარ" მობილურ ჰოსპიტალს ხსნიან
Sokhumi Daily
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკიდან აფხაზეთში სამხრეთის ერთ-ერთი სამხედრო ოლქის მობილური/მრავალპროფილიანი ჰოსპიტლის სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ. მობილური საავადმყოფო დე ფაქტო რესპუბლიკაში 17 ოქტომბერს გაიგზავნა, მიზეზი საწოლფონდის გაზრდა იყო ინფიცირებული პაციენტებისთვის.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის რაზმიც, რომელიც სპეცსაშუალებებითაა აღჭურვილი. რაც შეეხება მობილურ სამედიცინო განყოფილებას, ის მოიცავს 113 სამხედრო მოსამსახურეს და დაახლოებით 30 ერთეულ სამხედრო აღჭურვილობას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაახლოებით 30 წევრიანი რაზმი ოკუპირებულ აფხაზეთს დეზინფექციის ჩატარებით დაეხმარება კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში.
"100 ადგილიანი ჰოსპიტალი სოხუმში განთავსდება და სამხედრო მედიკოსები დაიწყებენ აფხაზეთის მცხოვრებთა მიღებას და სამედიცინო დახმარების გაწევას. საველე სამედიცინო განყოფილება მიეძღვნება ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა სტაციონარულ მკურნალობას. სამედიცინო და დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად, საავადმყოფო აღჭურვილია ვენტილატორით, პაციენტებზე ინტენსიური დაკვირვების მონიტორებით, რენტგენის აპარატებით, ულტრაბგერითი აპარატებით და სისხლის ანალიზატორებით." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვა აფხაზეთში 500 ადგილიანი, დროებითი საველე ჰოსპიტლის და შესაბამისი დანადგარებით და პრეპარატებით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალის გაგზავნა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა