ბაჩალიაშვილი ფეისბუქზე აღარ იძებნება - როგორ შეიძლება წაიშალოს გარდაცვლილის ანგარიში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პროფილი ფეისბუქის საძიებო სისტემაში აღარ იძებნება. გვერდის გაქრობა ემთხვევა დღეს, როცა გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი დაიბარეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თამარის პირადი კომპიუტერის გახსნის მცდელობაზე დასასწრებად. მიხეილ რამიშვილმა არ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს გვერდის გაქრობა.  ტელეკომპანია მთავარის ეთერში ჟურნალისტის კითხვის პასუხად, შესაძლოა თუ არა თამარის კომპიუტერი გახსნილი იყოს და გვერდის გაქრობა ამას უკავშირდებოდეს, ადვოკატი პასუხობს, რომ მის გარეშე კომპიუტერი გახსნილი არ უნდა იყოს. "არა, ეგ კომპიუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე და მე ვიქნები ისეთ ჩემ წარმომადგენელთან ერთად, რომელიც თუ გახსნილი იქნება კომპიუტერი ჩემი თანდასწრების გარეშე, ხელმეორედ ეს დადასტურდება და თუ გაიხსნება, ჩემი თანდასწრებით, ჩემ წარმომადგენელთან ერთად და მხოლოდ და მხოლოდ იქნება პირველადი გახსნა. სხვანაირად ყველაფერს ვიმოქმედებ და ყველანაირ ექსპერტიზას ჩავატარებ დამატებით რომ არ მოხდეს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მე კითხვის ნიშნებს დამიტოვებს” - თქვა მიხეილ რამიშვილმა.  ფეისბუქის წესებში გაწერილია შემთხვევები, როგორ და რა პროცედურის მიხედვით შეიძლება გახდეს გარდაცვლილის გვერდი “მემორიალური” ან წაიშალოს გარდაცვლილის სიცოცხლეში მითითებული სანდო პირის მიერ მისი გარდაცვალების შემდეგ.  წესების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ფეისბუკი მეგობრის ან ოჯახის წევრისგან  შეიტყობს  მომხმარებლის გარდაცვალების შესახებ, მისი პროფილი სპეციალურ მემორიალურ  გვერდად გადაკეთდება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ გაუგებრობები და ამ ფუნქციების ბოროტად გამოყენება, მაგალითად, ცოცხალი ადამიანის მკვდრად გამოცხადება, ფეისბუკის პროფილის მემორიალიზების პროცესისთვის კომპანია გარკვეულ დოკუმენტაციას ითხოვს – ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული სამძიმრის ასლი ან გარდაცვალების ცნობა, რომელსაც ფეისბუკის გუნდი განიხილავს  შესაბამისი პროცედურების მიხედვით. მემორიალური პროფაილის გარდა ფეისბუქი იძლევა საშუალებას, მისმა მომხმარებლებმა სიცოცხლეშივე დაწერონ “ანდერძი” და მათ ნდობით აღჭურვილ პირს მისცენ უფლება, გარდაცვალების შემდეგ წაშალონ მათი ექაუნთი.  ანდერძით მემკვიდრეს უფლება აქვს შეცვალოს წინა მფლობელის პროფილის ფოტო ან  ე.წ. ქავერ ფოტო და დაწეროს პოსტი.  მემკვიდრეს არ აქვს წვდომა გარდაცვლილის პირად წერილებთან და ამ გვერდის მართვა მხოლოდ საკუთარი გვერდიდან შეუძლია, გარდაცვლილის ექაუნთში მისი პაროლით შესვლის გარეშე.   “ანდერძის დატოვება” და სიკვდილის შემდეგ გვერდის ვინმესთვის სამართავად გადაცემის უფლება არ აქვთ მხოლოდ 18 წლამდე მომხმარებლებს და  შესაბამისად, იმ მშობლებს, რომლებმაც თავიანთი შვილი სრულწლოვანებამდე დაკარგეს, შეუძლიათ მიმართონ კომპანიას თავიანთი შვილის ექაუნთის მათთვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუკი თამარის შემთხვევაში არსებობდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც გვერდი სამართავად უნდა გადასცემოდა მართვის უფლებით, მას გვერდის გასაუქმებლად დასჭირდებოდა თამარის გვერდი ჯერ “მემორიალურ” გვერდად ყოფილიყო გადაკეთებული. თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუქის გვერდი კი გაქრობამდე ჩვეულებრივი ანგარიში იყო მითითების გარეშე, რომ ის გარდაცვლილს ეკუთვნოდა.  23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30753862.html #ახალი_ამბები #twitter