აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები ბირთვულ შეიარაღებაზე - ახალი გამოწვევა მსოფლიოსთვის

0
შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორშაბათს, 22 ივნისს, მათ შორის ბოლო ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების (New Strategic Arms Reduction treaty - New START) თაობაზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის ე.წ. შორი დისტანციის ბირთვული ქობინების კონკრეტული რაოდენობის (1 550 ერთეული) განთავსებას აწესებს, 2010 წლის 8 აპრილს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაფორმდა და მისი ვადა 2021 წლის 5 თებერვალს იწურება. გასულ კვირას, აშშ-ში განაცხადეს, რომ ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მათი წარმომადგენელი მარშალ ბილინგსლი (Marshall Billingslea), ავსტრიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან გამართავს მოლაპარაკებებს. თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი ახალი შეთანხმების მიღწევას სკეპტიკურად უყურებს და მათი მიზანს აქამდე არსებული ე.წ. New START-ის ხელშეკრულების კიდევ 5 წლით გახანგრძლივება წარმოადგენს. მათი მტკიცებით, ხელახალ დოკუმენტის შესამუშავებლად და განსახილველად არასაკმარისი დროა. “ჩვენ ამერიკელებს არაერთხელ ავუხსენით, რომ გადაწყვეტილება გახანგრძლივების თაობაზე სასარგებლო და მართებულია. ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები არ გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა კვლავ გამოვიყენებთ დამატებით შესაძლებლობას ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად”, - განაცხადა რიაბკოვმა. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას. ოფიციალური ვაშინგტონის მიდგომით, კრემლთან დადებული ორმხრივი შეთანხმება მოძველებულია და ამასთან, სამომავლო ხელშეკრულებაში მათ ჩინეთის ჩართვაც სურთ, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერჯერობით უარზეა. ზოგადად, შეერთებული შტატები და რუსეთი გლობალური მასშტაბით არსებული ბირთვული ქობინების 91%-ს ფლობენ. აღნიშნული “უთანასწორობის” გათვალისწინებით, ოფიციალურ პეკინს სამომავლო ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ სურს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების მანძილზე, დონალდ ტრამპმა აშშ რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებიდან (მაგ: “Internediate-Range Nuclear Forces treaty” და “Iran nuclear deal”) გამოიყვანა, არსებობს შანსი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს შეთანხმებაც “ჩააგდოს” და ამის მიზეზად, ხელშეკრულებაში ჩართვაზე ჩინეთი უარი დაასახელოს. აღნიშნული განავრცობს ტრამპის ნარატივს, რომ ეკონომიკური და (COVID-19-ის) პანდემიური გაუმჭვირვალეობის მსგავსად, ოფიციალური პეკინი ბირთვული არსენალის “გამდიდრების” რეალურ მონაცემებს ფარავს. ოფიციალური ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი მის ბირთვულ შესაძლებლობებს აფართოვებს, ის მაინც გაცილებით მცირეა აშშ-სა და რუსეთის პროგრამებთან შედარებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ავსტრიაში დაგეგმილ შეხვედრაზე ჩინური მხარის მიწვევა შემდგომში ცხადყოფს სამივე ქვეყნის მხრიდან, იარაღის კონტროლზე კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებს. შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს არამხოლოდ ჩინეთთან, არამედ რუსეთთან დაკავშირებითაც და ამ უკანასკნელს ათასობით “არასტრატეგიული” ბირთვული იარაღის მოდერნიზებაში ადანაშაულებს, რომელიც მათ შორის უკვე დადებულ ხელშეკრულებაში ასახული არ არის. კრემლი, მის ბირთვულ არსენალს, აშშ-სგან თავდაცვის უმთავრეს “გასაღებად” მიიჩნევს და ამ კუთხით, ვაშინგტონთან არსებული სამხედრო პარიტეტის დაცვა სურს. ამავდროულად, შეიარაღების კონტროლის თაობაზე, შეერთებულ შტატებთან ფართო დისკუსია ოფიციალური მოსკოვის ინტერესებშია, რადგან საკითხის ჩავარდნა სტრატეგიული არსენალზე “ახალი რბოლის” დაწყებას შეუწყობს ხელს.
საბოლოო ყველაფერი მაინც დონალდ ტრამპის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული და მისმა ადმინისტრაციამ უკვე გაახმოვანა, რომ სხვა ხელშეკრულებებიდან გასვლის მიუხედავად, ამ შეთანხმების შენარჩუნების ძირითად ინტერესი მათ ამოძრავებთ. მოლაპარაკებებში, აშშ-ის წარმომადგენლის მარშალ ბილინგსლის განცხადებით, რუსულმა მხარემ უაღრესად პროვოკაციული ხასიათის ბირთვული დოქტრინა მიიღო, რომელიც ადრეულ ესკალაციასა და ბირთვული არსენალის გამოყენებას მოიცავს. შესაბამისად, ახალმა ხელშეკრულებამ რუსული იარაღის მეტი მონიტორინგი უნდა განახორციელოს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Russia #China #nuclear #treaty #new #deal #strategic #weapon #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0