მიხეილ სააკაშვილი: დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის რეკომენდაციას.
„ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები. დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი, თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან როგორც სახელმწიფო.
ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონივრულობის იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული.
და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება. დეოლიგარქიზაციისათვის საზოგადოების განგრძობადი აქტიურობაა აუცილებელი", - სააკაშვილის განცხადება, „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საქართველო, ამ გადაწყვეტილების თანახმად, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელთან დაკავშირებითაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.
"ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების თაობაზე "ურთიერთგაგების მემორანდუმს" უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი 2021 წლის 17 მაისს კიევში მოაწერეს. იგი ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობდა.
2021 წლის 19 ივლისს სამივე ქვეყნის პრეზიდენტებმა - სალომე ზურაბიშვილმა, მაია სანდუმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ - საქართველოში, პეტრას ციხეზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანდასწრებით მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვით განაცხადეს, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების მიზანი აერთიანებს.
დღეს კი ევროკომისიამ საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, 12 მთავარი პირობის შესრულება დაავალა. მათ შორის, აიღოს და შეასრულოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება, გააქროს რა გადაჭარბებული ზეგავლენა, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.
ამასთან, საუბარია პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის დაძლევაზე, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით.
საუბარია ასევე გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
ასევე თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შესაქმნელად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს" და ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.
თავის მხრივ, ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31903196.html
Source: radiotavisupleba.ge