როგორ ჩავირიცხოთ ამერიკულ უნივერსიტეტში VII: შეჯამება

Batumi Daily

წინა ექვს სტატიაში ჩვენ მიმოვიხილეთ: მოხალისეობა, კლასგარეშე აქტივობები, სავალდებულო ტესტები, სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილები. სტატიების სერიის ბოლო ნაწილში კი დროა, შევაჯამოთ ის რესურსები, რომლებიც ამეირკულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად დაგვეხმარება. როდესაც ყველა დოკუმენტი მზად გაქვთ, მათი გაგზავნა უნივერსიტეტებში მარტივად შეიძლება. აღარ გჭირდებათ ფოსტით თუ სხვადასხვა ვებსაიტით სარგებლობა, ყველაფერი ერთ პორტალზეა თავმოყრილი, რომელსაც CommonApp ჰქვია. commonapp-ით თქვენ შეგიძლიათ, 20-მდე უნივერსიტეტში ერთდროულად გააგზავნოთ საჭირო საბუთები და ნაწერები, აპლიკაციის შევსება კი ისეთი მარტივია, როგორც არასდროს. სანამ პორტალს შეუდგებით, შესაძლებელია, დამატებითი დახმარება ან კონსულტაცია დაგჭირდეთ. ხშირად ახალგაზრდებმა არ იციან, რა უფასო რესურსებია მათთვის ხელმისაწვდომი. საბედნიეროდ, საქართველოში დღეს საკმაოდ ხარისხიანი რესურსი გვაქვს, მას EducationUSA Georgia ჰქვია და ფეისბუქ-გვერდიც აქვს. ეს არის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად უფასოდ ეხმარება ქართველ ახალგაზრდებს ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასარიცხი პროცესის დროს. შეგიძლიათ, ორგანიზაციას ფეისბუქით მიმართოთ, მოუსმინოთ არაერთ ლაივს და ჩანაწერს, რაც თქვენს ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს. თუ კიდევ მეტი რესურსი გვჭირდება, მაგალითად - ტესტებისთვის მოსამზადებელი ლიტერატურა, არც ამისთვისაა საჭირო ბევრი ფულის დახარჯვა. როგორც ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ასევე EducationUSA Georgia-ში სხვადასხვა სახის მოსამზადებელი მასალაა ხელმისაწვდომი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ. მთავარია, იყოს სურვილი. შეჯამებისთვის, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარება არ არის მიუწვდომელი ოცნება, ეს ასრულებადი მიზანია. მიზნის მისაღწევად, მართალია, ბევრი მუშაობაა საჭირო, მაგრამ ამ გზაზე მარტო არ ხართ! განათლება ამერიკა უნივერსიტეტი batumidaily