ირაკლი კობახიძე: არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" აღარ აპირებს "ფარდა ახადოს" ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორებს. კობახიძეს ამ საკითხზე დღეს, 17 ივნისს ჟურნალისტებმა მას შემდეგ ჰკითხეს, რაც ცნობილი გახდა ევროკომისიის დასკვნა საქართველოზე.
"ფარდას ავხდიდიდთ იმ შემთხვევაში, ევროკაშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ.
საუბარი იყო იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომელმაც განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, ბევრი რამ ვერ განაპირობა. დღეს როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტლება და ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავევებთ. როდესაც ევროკაშირი დგამს შენკენ ნაბიჯს, ბუნებრივია, უხერხულობების გარეთ გამოტანა არ არის მიზანშეწონილი", - თქვა კობაძიემ.
"ფარდის ახდაზე" საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივნისს დაიწყო. ეს იყო მაშინ მისი პირველი კომენტარი ევროპარლამენტის ნეგატიური რეზოლუციის შემდეგ, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა.
"თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი", - ამბობდა ღარიბაშვილი.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31902792.html
Source: radiotavisupleba.ge