ნინოწმინდა-ახალქალაქის გზა დიდთოვლობის გამო სატვირთოებისთვის ჩაიკეტა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სამცხე-ჯავახეთში მოსული თოვლის გამო ახალციხიდან ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით მიმავალი გზა სატვირთო მანქანებისთვის ჩაკეტილია. 10-მდე სატვირთო გუშინ, 16 თებერვალს, გვიან ღამით ახალციხეში გააჩერეს - მათ თურქეთისა და სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი მხედველობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36,5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. "ფოთიდან მოვდივარ, წუხელ შუაღამის 3 საათზე გაგვაჩერა პატრულმა დიდთოვლობის გამო, მას მერე ველოდებით როდის გაიხსნება გზა და გაგვიშვებენ", - აცხადებს ოთარ შალამბერიძე, სატვირთოს მძღოლი. "წელს პირველი შემთხვევაა, როცა გაჩერება მოგვიწია. შუაღამის მერე აქ ვდგავართ და ველოდებით. ერევანში მივდივართ, მაგრამ რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი, არავინ გვეუბნება", - ამბობს კიდევ ერთი სატვირთოს მძღოლი, თამაზ ბერაია. მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება, თუმცა გადაუღებელი თოვის გამო მოძრაობა ნინოწმინდის საბაჟო პუნქტისკენ შეჩერებულია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31107347.html #ახალი_ამბები #twitter #რეგიონები_