საქართველოდან ექსპორტი 960 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ექსპორტის წინასწარი მონაცემები. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3,71 მილიარდი აშშ დოლარის საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 963 მილიონი აშშ დოლარით ანუ 37%-ით მეტია. საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტის მოცულობა 684 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ სპილენძის მადნების ექსპორტის უდიდესი ნაწილი (531 მილიონი 684-დან) რეექსპორტს წარმოადგენს. ექსპორტის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა ავტომობილები, რომლის მოცულობა 491 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ავტომობილების ექსპორტი, ძირითადად რეექსპორტს წარმოადგენს და ის 67%-ით არის გაზრდილი. საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება 32%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება 67,3%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება 1,2%; სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება -1,5%; ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება 398,5%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება 5,6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება -27,8%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება 125,4%. დანარჩენი საქონელი – სულ 1,327 მილიარდი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 27,7% საექსპორტო საქონლის ათეულიდან გაზრდილია 8 კატეგორიის ექსპორტი, ხოლო ორი სახეობის საქონლის - მინერალური წყლებისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირებულია. ქვეყნების მიხედვით, ექსპორტი გაზრდილია ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორში, გარდა უკრაინისა, სადაც წელს საქართველომ 166 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა. ეს წინა წელთან შედარებით -13%-ით ნაკლებია. რუსეთში კი საქართველოს ექსპორტი 8,5%-ით გაიზარდა და 409 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32040818.html

Source: radiotavisupleba.ge