„წლის საუკეთესო ყდის დიზაინის“ ფინალისტი
Zugdidi Daily
ბევრისთვის ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდება. ეს, თითქოს, ბუნებრივი მოვლენაა, შემდეგი ფაქტორების გამო: შექმნისას, ხელოვანი ყველაზე გულწრფელი, გახსნილი და შეუზღუდავია. სხვაში თავისუფლების დანახვის საუკეთესო გზა მისი ნამუშევრების ნახვაა, სიტყვები ბევრად უფრო რთულად გამოხატავს ნებისმიერ შინაგან მდგომარეობას. ასევე, ეს არის სივრცე, სადაც, თითქოს, არ არსებობს ჭეშმარიტება და სიცრუე, არ არსებობს ჩარჩოები და შეზღუდვები. ერთ ხელშიი პალიტრა, მეორეში კი ფუნჯი. შესციცინებ ტილოს და ცდილობ გაუზიარო ემოცია.
ხელოვნების ენა ყველას ყურადღებას იქცევს და ადამიანი, რომელიც ამ ენას ფლობს, ვფიქრობ, ძალიან სიღრმისეულად აზროვნებს.
Zugdidi daily-ს რუბრიკის "წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" დღევანდელი რესპოდენტი ზუგდიდელი ნათია ზარანდიაა, რომელიც 2020 წლის კონკურს “ლიტერას“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო ყდის დიზაინი“ გამარჯვებულია.
როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ხელოვნებას,როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?
ვერ ვიტყვი, რომ „ამ სფეროში ვარ“, რადგან ილუსტრირება ჯერაც მხოლოდ და მხოლოდ ჰობია და ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს, თუმცა, ძალიან ღრმა ბავშვობიდან მიყვარს ხატვა, გარემოზე დაკვირვება და შთაბეჭდილებების ნახატებად ასახვა. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში მივხვდი, რომ ლექსების წერაზე მეტად ხატვა გამიტაცებდა-ასე უფრო ვუახლოვდებოდი ბუნებას, რომელიც მაშინ (ალბათ, ახლაც), ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებდა.
როგორ იღებთ შთაგონებას ნამუშევრებისთვის, თქვენი ნახატები სპონტანურია თუ ყველაფერს წინასწარ გეგმავთ?
თავს ძალიან იღბლიანად ჩავთვლიდი, რაიმეს წარმატებით დაგეგმვა რომ შემეძლოს, ნახატის - მათ შორის. ძირითადად, უბრალოდ ველოდები, როდის ვიქნები უბადლო განწყობაზე, რომ ხატვა მომინდეს. შთამაგონებს ყველაფერი-სხვათა ნამუშევრები, მრუმე ამინდები, ტყე, მითოლოგია, სერიალი, ახალი ვარცხნილობა. თუმცა, როგორც კი ხატვას გადავწყვეტ, ძალიან ცხადად წარმომიდგება ხოლმე, როგორ გამოიყურება დასრულებული ილუსტრაცია, ეს კი, რა თქმა უნდა, მეხმარება იდეის განხორციელებაში.
რა გინდათ უთხრათ სამყაროს თქვენი შემოქმედებით?
მგონი, უფრო ჩემს თავს ვესაუბრები/ვუმტკიცებ რამეს, როცა ვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით იხატება, ჩემი ნამუშევარი ჯერ ძალიან პაწაწინაა, უამბიციო, რომ რამე სამყაროსმაგვარს ხმა მიაწვდინოს.
მოდი, უშუალოდ ბოლო წარმატებაზე გადავალ. მოგვიყევი კონკურსზე, რას ითვალისწინებს და რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება?
მწერალთა სახლის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოველწლიურ ერთობლივ კონკურს “ლიტერაზე“ ყდის ილუსტრაციის დამკვეთმა გამომცემლობამ წარმადგინა და ჟიურიმ ჩათვალა, რომ ფინალისტობას ვიმსახურებდი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ყდის დიზაინი“. მე არაფერი დამიგეგმავს-არც კი ვიცოდი, რომ ნომინაცია მქონდა, ფინალში გასვლამდე სასიამოვნო სიურპრიზი იყო, ვერაფერს ვიტყვი.
პერსონალური გამოფენა გქონიათ? და თუ კი, დაგვისახელე რომელიმე, რომელზე მუშაობის პროცესიც განსაკუთრებით საინტერესო იყო.
პერსონალური გამოფენა ერთადერთხელ მქონდა, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, როცა მეგობრებისა და ზუგდიდის სამხატვრო გალერეის ინიციატივით , ასევე - ჩემი საყვარელი სამხატვრო სკოლის დირექტორის დახმარებით ჩემი ნამუშევრები გამოიფინა. ძალიან, ძალიან ბედნიერი დღე იყო, თავბრუდამხვევი ყურადღების და გაუნელებელი შთაბეჭდილების; თუმცა, პერსონალური გამოფენების კვოტა მგონი, ამით ამოვწურე. სოციალურ ქსელებში მიღებული ფიდბექი სრულიად საკმარისი მოტივატორია მგონია.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?
ძველი, პირქუში ზღაპრები; ახალი პოსტი საყვარელი ილუსტრატორის ინსტაგრამ პროფილზე, ახალი ნაცნობობები, ზამთარი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საყვარელი წიგნის ილუსტრირებაზე სასიამოვნო ძალიან ცოტა რამ მეგულება. ასევე გადასარევი რამაა თამაშების დიზაინზე და ლანდშაფტზე მუშაობა. ვიმედოვნებ, ამ ორ სპეციალიზაციაზე სამუშაოდ ძალების მოკრებას მალე შევძლებ.
მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენი მხრიდან კი მიზნების რეალიზებას გისურვებთ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში!
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ხელოვნება
#განათლება
#ახალიამბები
#art
#სამეგრელო
#ზუგდიდი
#ანიმაცია
#zugdididaily
ნათია ზარანდიას ნამუშევრები იხილეთ: https://www.behance.net/Nativilliez