ნუ გვემუქრებით, მოგვეცით ლუკმა-პურის შოვნის უფლება-გარემოვაჭრეების აქცია
Tbilisi Daily
გარემოვაჭრეების პროტესტი ბათუმის მერიასთან. ისინი ჯარიმების გამოწერას აპროტესტებენ და მერიის წარმომადგენლებს გარევაჭრობის უფლებას სთხოვენ,რადგან ყოფილი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი გადაიყვანეს, მოქალაქეები პროდუქციის შესაძენად არ დადიან. აქციის მონაწილეების თქმით, მაკონტროლებლები ყოველდღე აფრთხილებენ და რამდენიმე მათგანი 500 ლარით დააჯარიმეს, თანხის გადახდის საშუალება კი მათ არ აქვთ. ისინი მერიას ჯარიმების შემსუბუქებას და სავაჭროდ სხვა ალტერნატიული სივრცეების გამოყოფას სთხოვენ.
რამდენიმე მათგანმა გარევაჭრობისთვის გამოწერილი ჯარიმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
''ჩვენ რით ვაირსებოთ, თურქეთი დაკეტილია, როგორ მოვიქცეთ. დახმარებას ვითხოვთ და არავინ არ გვეხმარება. სხვა შემოსავლის წყარო არ გვაქვს. ოჯახები როგორ უნდა ვარჩინოთ. ამ პანდემიის პირობებში მაინც მოგვცენ გარევაჭრობის უფლება და ჯარიმებით ნუ გვაშინებენ. ჩვენ 500 ლარს ვერ გადავიხდით'' - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ესაუბრნენ. მათი განცხადებით ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ არის და მოვაჭრეებმა მუშაობა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე უნდა გააგრძელონ. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურად შეზღუდვისთვის ფიზიკურ პირს 500, ხოლო იურიდიულ პირს 2000 ლარით აჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირს 3000, იურიდიული პირი კი 4000 ლარის გადახდა მოუწევს.
#ახალიამბები