მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე": "ალტ-ინფოს" მთლად იმდენი ბოროტება [არ ჩაუდენია]

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობასა" და ჰომოფობიური ჯგუფთან "კონსერვატიულ მოძრაობას" შორის პარალელს ავლებს. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ორივე პარტია რუსულ საქმეს აკეთებს. "ჩემთვის, პირადად, ძალიან გულწრფელად გეტყვით, "ალტ-ინფო" და მისი განწყობები და "ნაცმოძრაობის" ქცევები და განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე. ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა პიარული ეგიდით - ისინი, ვითომ, პროდასავლური ეგიდით აკეთებენ, ამის დეკლარირებით, მაგრამ რეალურად აკეთებენ რუსულ საქმეს. მეორე მხრივ, ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, პირდაპირ დეკლარირებით", - თქვა მდინარაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე - "თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ძალადობრივი გზით აკეთებს "ალტ-ინფო" და თქვენ ტოლობის ნიშანს სვამთ ნაცმოძრაობისა და "ალტ-ინფოს" შორის" - მდინარაძემ ასე უპასუხა: "რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი. "ნაცმოძრაობამ" დაგვიმტკიცა, რამდენად საშიში და ბოროტი ძალაა და "ალტ-ინფოს" მთლად იმდენი ბოროტება [არ ჩაუდენია]. 5 ივლისი იყო ერთ-ერთი, ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს "ალტ-ინფოსგან" და დაისაჯა 100-ზე მეტი ადამიანი - ზოგი ადმინისტრაციული და ზოგი სისხლის სამართლის წესით. 9 წლის განმავლობაში ასე ჩადიოდნენ თვეში ერთხელ და კვირაში ერთხელ მინიმუმ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. მე ხომ არ ვამბობ, რომ ის კარგია და ეს ცუდი. ორივე ცუდია, მაგრამ გამოვლინება იმან შეძლო, რომ ქვეყნისთვის ეტკინა, ასობით ადამიანის სიცოცხლეს შეხებოდა..." გასული წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "თბილისი პრაიდი" უნდა გამართულიყო, საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწდოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალის მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იმის მიუხედავად, რომ ამ ძალადობაში ათეულობით ადამიანი იყო ჩართული სისხლის სამართლის წესით დაისაჯა მხოლოდ 30-ზე მეტი ადამიანი. ძალადობის ორგანიზებისთვის არავინ ამ დრომდე არ დაუკავებიათ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31887355.html

Source: radiotavisupleba.ge