დუისში მოითხოვეს ტერორიზმში მსჯავრდებული აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის და პირთა გადაბირების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი აიუფ ბორჩაშვილის ახლობლებმა, პანკისის ხეობის სოფელ დუიში მცირერიცხოვანი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ბორჩაშვილს უდანაშაულოდ მიიჩვევენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციას ბორჩაშვილის 9 შვილი და ახლობლები ესწრებოდნენ.
აიუფ ბორჩაშვილის დედამ, მარიამ ბორჩაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "მისი შვილი უდანაშაულოა და სახელმწიფომ ის ციხეში ჩასვა პიარისთვის და იმის საჩვენებლად, რომ ვითომ სახელმწიფო უწყებები კარგად მუშაობენ". მარიამ ბორჩაშვილი ამბობს, რომ "მის შვილს პანკისიდან ახალგაზრდები სირიაში არ წაუყვანია და ბრალდება აბსურდულია".
აქციაზე იყო ბორჩაშვილის კიდევ ერთი ახლობელი, ალი ქავთარაშვილი. მისი თქმით, რეალურად ის ადამიანი ვისაც პანკისიდან ახალგზარდები სირიაში მიჰყავდა დღესაც თავისუფალია და პანკისში ცხოვრობს. მისივე თქმით, "აიუფ ბირჩაშვილი პანკისში დიდი მხარდაჭერით სარგებლობა და ის ამიტომ ჩასვეს ციხეში".
ბორჩაშვილის უდანაშაულოდ ცნობის და მისი გათავისუფლების მოთხოვნით დუისში მსგავსი აქცია, 2016 წლიდან მოყოლებული მეოთხედ გაიმართა. მცირერიცხოვან აქციას, როგორც წესი, მხოლოდ პატიმრის ოჯახის წევრები ესწრებიან ხოლმე.
2016 წლის 7 მარტს აიუფ ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მას ბრალად ედება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება (სს კოდექსის 328–ე მუხლი), ასევე პირთა გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის (სს კოდექსის 327–ე პრიმა მუხლი). უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ 3 პირი.
გამოძიების მასალების თანახმად, აიუფ ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო გაეროს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ისლამურ სახელმწიფოში“ და ხალხს ამ ორგანიზაციისთვის აგროვებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჩაშვილმა გადაიბირა მასთან ერთად ბრალდებული პირები და ისინიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გააერთიანა. მასვე ბრალდება სკოლის მოსწავლეების – 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის - გადაბირება და სირიაში გაგზავნა.
2018 წლის 3 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული აიუფ ბორჩაშვილის და სხვა პირთა საჩივარი, განსახილველად არ მიიღო და უცვლელად ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30831435.html
#ახალი_ამბები
#twitter