ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლება ამომრჩევლის ნების განხორციელებაში ერევა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლება ამომრჩევლის ნების განხორციელებაში სხვადასხვა მეთოდით ერევა.
„ხუდადოვზე მაგალითად, მეხუთე საჯარო სკოლაში ჭიშკართან დგანან ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფურცელზე შექმნილი და რომელთაც ახლა აქვთ დავალებული საარჩევნო სიების კონტროლი. ხუდადოვზე ამომრჩეველს ასევე პირდაპირ ეუბნებოდნენ კაწროს სახელს და გამოჩნდა კიდეც ეს პატივცემული კაწრო იქ ადგილზე. ალბათ ისევ და ისევ ამომრჩევლის ფსიქოლოგიური დამუშავების მიზნით“, - განაცხადა ანა დოლიძემ. მან ჟურნალისტებს მის მიერ აღმოჩენილი დარღვევები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გააცნო. მათ შორის მას პრეტენზიები ჰქონდა უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართითაც:
„სიაში აღმოვაჩინეთ ჩვენ ასევე გარდაცვლილი ხალხი, მაგალითად მე-11 უბანზე ჩუღურეთში და ასევე ხალხი,ლ რომელიც 20 წელზე მეტია არის ემიგრაციაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დილას იყო აბსოლუტური განუკითხაობა რამდენიმე უბანზე განსაკუთრებით ჩუღურეთში, მეოთხე უბანზე თქვენ შეგეძლოთ გენახათ რამხელა რიგები იყო საათების განმავლობაში და რამდენი ამომრჩეველი განრისხებული გატრიალდა სახლში.
ცესკომ ძალიან კარგად იცოდა რამხელა ოთახი სჭირდება, რომ დაეტიოს შესაბამისი რაოდენობის დამკვირვებელი ც და ამომრჩეველიც. კიდევ სხა მეთოდებიც იყო, რის გამოც გაუშვეს წარმომადგენლები გარეთ უადგილობის გამო. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მართვადი ქაოსი, იმისთვის რომ გაატრიალონ ხალხი, რომელიც მიზანდასახულად მივიდა არჩევნებზე რომ გადაირჩიოს ეს ხელისუფლება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.
საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30922660.html
#ახალი_ამბები
#twitter