სასწავლებლიდან "მგლის ბილეთით" გარიცხული ყადირ შარვაშიძე

Batumi Daily

ყადირ შერვაშიძე - ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი იყო. იგი 1887 წელს დაიბადა ქედაში, ბათუმის ოლქში. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1909 წელს. 1897-1899 წწ. სწავლობდა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებაში. 1905 წლის რევოლუციის დროს ბათუმში აქტიურად მონაწილეობდა მოსწავლეთა გამოსვლებში, რის გამოც სხვებთან ერთად დააპატიმრეს და გიმნაზიიდან "მგლის ბილეთით" (სხვა სასწავლებლებში შესვლის უფლების აკრძალვა) გარიცხეს. 1909 წელს ჩაირიცხა დორპატის (იურიევის, ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი, მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, რის გამოც 1910 წელს დააპატიმრეს და სახელმწიფო სტიპენდია გაუუქმეს. 1916 წლიდან მუშაობდა "ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლთა დახმარების სრულიად რუსეთის ერობათა კავშირის" რწმუნებულად ბათუმში. 1917 წლის თებერვალში გახდა ბათუმში დაარსებული "ქართველ მუსლიმთა კომიტეტის წევრი". 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა ამიერკავკასიის ერობათა რწმუნებულად ბათუმის ოლქში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. დაჯილდოვდა ქართული ლეგიონის თამარ მეფის ორდენით. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გერმანიაში გაგზავნილი დელეგაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მოულოდნელად გარდაიცვალა 1919 წლის 8 მაისს, თბილისში; ოფიციალური ვერსიით პარტახტიანი ტიფით, თუმცა არსებობდა ეჭვები, რომ იგი მოწამლეს პროოსმალურად განწყობილი ძალების დაკვეთით. ყადირ შერვაშიძის ნეშტი პატივით გადაასვენეს ბათუმში, სადაც ბრიტანულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ინიციატორებს მისი აზიზიეს მოედანზე დაკრძალვის საშუალება არ მისცა. დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ქედაში. #ისტორია #საინტერესო #აჭარა #ქედა #ბათუმი #batumidaily _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com