თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
Tbilisi Daily
ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელდა 2 და დაგვემატა 5 ახალი პაციენტი და კლინიკაში ამჟამად 40 კოვიდინფიცირებული გვყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„5 ახალი პაციენტიდან 3 გახლავთ გაჩიანის წყარო, ერთი შემოტანილი და ერთი საკარანტინო სივრციდან. ყველა პაციენტი გუშინ გვიან ღამით მოთავსდა კლინიკაში, მათთან მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დღეს მათ ჩატარდებათ გაფართოებული კვლევები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.