ზაზა გახელაძეს დე ფაქტო სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 5 თებერვალს გამოუტანს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში დღეს გაგრძელდა ზაზა გახელაძის საქმის განხილვა. სხდომაზე ისევ მოწმეეები დაკითხეს და ბრალდების და დაცვის მხარის არგუმენტები მოისმინეს. დე ფაქტო სასამართლოს მოსამართლემ შემდეგი სხდომა 5 თებერვლისთვის დანიშნა. ეს ინფორმაცია ოსურმა მხარემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიაწოდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ე.წ უზენაესი სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს სავარაუდოდ, სწორედ 5 თებერვლის სხდომაზე. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა 18 იანვარს დაიწყო. წინა სხდომაზე მოწმეებთან ერთად ზაზა გახელაძეც დაკითხეს. მას ბრალი წაყენებული აქვს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ეხება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 322-ე მუხლი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ეხება. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ზაზა გახელაძეს ცხინვალის ციხეში, ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. თუმცა, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31073838.html #ახალი_ამბები #twitter