საქართველოს საელჩო ვენაში მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს საელჩო ვენაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, „ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, სპეცოპერაციის დასრულებამდე თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩნენ სახლში“. საქართველოს საელჩომ მოქალაქეებს, რომლებსაც საკონსულოში ვიზიტი 3 ნოემბერს ჰქონდათ დანიშნული, თხოვა, თავი შეიკავონ საკონსულოში მისვლისგან. 2 ნოემბერს საღამოს, მშვიდობიან მოქალაქეებზე შეიარაღებული თავდასხმები მოხდა ვენის ცენტრში, 6 სხვადასხვა ადგილას. მოკლულია 2 ადამიანი. საავადმყოფოშია სულ მცირე 14 დაჭრილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ ღია კაფეებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 3 ნოემბრიდან ავსტრიაში მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, ე.წ. ლოკდაუნი ცხადდება, ამიტომ წინა საღამოს კაფეებში ხალხმრავლობა იყო. ავსტრიის ხელისუფლებამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად გამოაცხადა. დამნაშავეთა დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავდამსხმელთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ვენა პოლიციის მიერაა გადაკეტილი. ზოგიერთ ობიექტს სამხედროები იცავენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30927188.html #ახალი_ამბები #twitter